თვითმფრინავის ჩამოგდება

ბარაკ ობამამ ტერაქტის სრული გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვაშინგტონში ნიდერლანდების საელჩოს ესტუმრა, სადაც უკრაინაში ტერორისტების თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ბარაკ ობამამ ტერაქტის სრული გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

"ჩვენ ვგლოვობთ იმას, რაც მოხდა. ამერიკელების სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ  და სოლიდარობას გამოვხატავ ნიდერლანდების ხალხის მიმართ. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი და სამართალი იზეიმებს", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ამერიკული სპეცსამსახურების აზრით, მალაიზიური ავიაკომპანიის თვითმფრინავი სეპარატისტებმა ჩამოაგდეს. როიტერის ცნობით, ამერიკის დაზვერვა მიიჩნევს, რომ სამგზავრო ბოინგის განადგურება შეცდომით მოხდა. სპეცსამსახურებში აღნიშნავენ, რომ სეპარატისტები რუსეთმა შეაიარაღა და გაწვრთნა, თუმცა ტერაქტში რუსეთის უშუალო მონაწილეობის მტკიცებულება მათ არ გააჩნიათ. 

17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი 777, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები