სამთავრობო ცვლილებები

ხიდაშელი: მინისტრობის კანდიდატების ნაწილს მე საერთოდ არ ვიცნობ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატების ნაწილს საერთოდ არ იცნობს. მისივე თქმით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი მხარს დაუჭერს, რადგან ნდობას უცხადებს პრემიერს, მთავრობას და არა ერთ კონკრეტულ მინისტრს.

"ეს ადამიანები მოვლენ პარლამენტში და ჩვენ მათ მოვუსმენთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათ ნაწილს მე საერთოდ არ ვიცნობ. ამიტომ მთავარია, რას მოვისმენთ მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვის დროს. ამის შესაბამისად ყველა გავაკეთებთ დასკვნებსაც. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მთავრობას და არა ერთ კონკრეტულ მინისტრს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი მხარს დაუჭერს, რადგან პარლამენტი ნდობას უცხადებს პრემიერს და ასევე მთავრობის შემადგენლობის იმ ნაწილს, რომელსაც ვიცნობთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ახლებთან დაკავშირებით იქნება რამე პრობლემა", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დაასახელა სასჯელაღსრულების და პრობაციის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კანდიდატები. რაც შეეხება კულტურის მინისტრს, ეს პოსტი ხვალამდე ვაკანტური რჩება. 

კანონმდებლობის მიხედვით, შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს.

კომენტარები