ქართული ოცნების დაპირებები

ხადური: ჩვენი გუნდიდან არავის უთქვამს, რომ პენსია 220 ლარი გახდებოდა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მტკიცებით, "ჩვენი გუნდიდან არავის უთქვამს, რომ საწვავის ფასი ერთი ლარით შემცირდებოდა". მისივე თქმით, "არც პენსიაზე უთქვამს ვინმეს, რომ 220 ლარი გახდებოდა". ამის შესახებ ხადურმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რის შემდეგაც, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ ფინანსთა მინისტრს ვიდეოჩანაწერი აჩვენა. ჩანაწერში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოსახლეობას მინიმუმ 220-ლარიან პენსიას ჰპირდება. ვიდეოს ნახვის შემდეგ ხადურმა აღნიშნა, რომ დღეს საარსებო მინიმუმი 150 ლარით არის განსაზღვრული.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ნოდარ ხადურმა დეპუტატების შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა.

"ჩვენ მივიღეთ პასუხები, რომ დაპირებების უმეტესობა შეუსრულებია თურმე ქართულ ოცნებას, ხოლო დაპირებების ნაწილზე უბრალოდ გვითხრეს, რომ ასეთი დაპირება არ გაუციათ. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ვიდეოები ვაჩვენეთ მინისტრს, სადაც ძალიან ნათლად ჩანდა გაცემული დაპირებები, მაგალითად, პენსიებთან დაკავშირებით. პასუხები არ იყო მათ შორის არც იმაზე, თუ რატომ გაირღვა ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში დაახლოებით 600 მილიონით, ხოლო სახარჯო ნაწილში დაახლოებით 700 მილიონით. რატომ მოხდა, რომ ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკამ დაკარგა დაახლოებით 3 მილიარდი ლარი, რატომ მოუხდა საქართველოს მილიარდ ექვსასი მილიონი ლარის ვალის აღება", - თქვა ჯაფარიძემ.

თავად ნოდარ ხადურის შეფასებით კი, მისი პასუხები არგუმენტირებული იყო და საპარლამენტო უმცირესობას ყველა შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი გასცა. ხადურის თქმით, ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ ბიუჯეტში არსებული პრობლემების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა მათი დაპირებების შესრულება.

"იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გასულ წელს ბიუჯეტში არსებული პრობლემების მიუხედავად ჩვენ გავზარდეთ პენსიები, გავზარდეთ დახმარებები, პირველად საქართველოს ისტორიაში მშობიარობა გახდა უფასო, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადავიდა საზოგადოება, გასული წლის განმავლობაში ყველა მოსწავლემ მიიღო სახელმძღვანელო, ჩვიდმეტ ფაკულტეტზე გახდა სწავლა უფასო, ეს ყველაფერი არის ის, რაზეც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ თვალი დახუჭონ", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები