ქართული ოცნების დაპირებები

პრემიერი: დაპირებების 100%-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება

საქართველოს მთავრობა

"დაპირებების 100%-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის დასმულ კითხვას, რომელიც დევნილებისთვის მიცემულ წინასაარჩევნო დაპირებებს ეხებოდა. ჩერგოლეიშვილმა პრემიერს ქართული ოცნების საარჩევნო დაპირებების ფურცელიც გადასცა, რომელშიც წერია, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუინდაძის გამარჯვების შემთხვევაში, დევნილი მოსახლეობა კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლდებოდა. ახლა კი, დევნილთა ნაწილს გაზი დავალიანების გამო, ჩაჭრილი აქვს.

"რაც შეეხება ტარიფების განულებას, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, რა თქმა უნდა, მომავალში გახდება უფრო ფოკუსირებული იმ ფენებზე, რომლებსაც ეს უფრო მეტად სჭირდებათ. მე არ ვიცი სანდოობაც იმ ინფორმაციის, რომელიც თქვენ მოგაწოდეს, არ ვიცი, რამდენად სიმართლეს შეესაბამება ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი დაპირება გასცა. დღეს ათასნაირი ინფორმაცია ტრიალებს. მე აუცილებლად გადავამოწმებ ამ ინფორმაციას. რაც შეეხება დევნილებისთვის სოციალური უზრუნველყოფის დონეს და დაფარვას, სწორედ ამიტომ, როგორც მე ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვანი რეფორმა არის გასატარებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ქვაკუთხედი იმისა, რომ ჩვენ უფრო მეტი პრიორიტეტი გვექნება მოსახლეობის იმ ფენებზე, რომელსაც უფრო მაღალი საჭიროება გააჩნიათ" - თქვა კვირიკაშვილმა.

წეროვანში მცხოვრები დევნილების დიდ ნაწილს ბუნებრივი აირი რამდენიმე თვეა, ჩაჭრილი აქვთ. მათ აქციები გამართეს სახელწოდებით - რატომ მოგვატყუეთ. დევნილთა სამინისტროს მტკიცებით, დევნილთა კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლება "განულებას" ნიშნავდა და არა მთლიანად გადასახადების გაუქმებას.

კომენტარები