უშიშროების საბჭოს სხდომა

პრეზიდენტმა სამთავრობო ცვლილებების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა გადადო

საქართველოს პრეზიდენტმა სამთავრობო ცვლილებების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა გადადო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ეხებოდა.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვქონდა უშიშროების საბჭოს სხდომა. რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მინისტრები ამ შემადგენლობის პროცესში არ იცვლებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიცი რა, რომ იქნება 20-ვე მინისტრის განხილვა პარლამენტში, ბუნებრივია, ჩვენ არ შევქმნით სირთულეს და დაძაბულობას და უშიშროების საბჭოს სხდომას დავნიშნავთ მაშინვე, როგორც კი დამტკიცდება ან არ დამტკიცდება ახალი მთავრობა. ბუნებრივია, ამ კვირაში აღარ ვნიშნავთ უშიშროების საბჭოს სხდომას არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რომ არ გადავღალოთ ჩვენი პატივცემული მინისტრები, რომლებიც პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგნენ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე კვირას უშიშროების საბჭოს მოწვევის შესახებ 18 ივლისს განაცხადა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი შეცვალა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად გადაიყვანეს. აგრეთვე, მინისტრთა კაბინეტში რჩება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. 

კანონმდებლობის მიხედვით, შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს. 

კომენტარები