თვითმფრინავის ჩამოგდება

პუტინი: ბოინგის ჩამოგდება პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ უნდა გამოიყენოს

Russia's PM Putin takes part in a video conference, dedicated to bomb blasts, in Krasnoyarsk
Ria Novosti / REUTERS

ბოინგ 777-ის კატასტროფა პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, აუცილებელია კატასტროფის ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიური ჩართულობა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო ექსპერტების მუშაობა ტრაგედიის ადგილას. დღეს იქ უკვე მუშაობენ დონბასის, დონეცკის და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე მალაიზიელი ექსპერტები. თუმცა, ეს საკმარისი არ არის", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, ივნისში აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებები რომ არ განახლებულიყო.

"ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ დაპირისპირებულ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ დაპირისპირება და დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. დარწმუნებით შეიძლება ითქვას – 28 ივნისს უკრაინის აღმოსავლეთში საომარი ქმედებები რომ არ განახლებულიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა სიტუაცია მშვიდობიანად მოგვარდეს.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი 777, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები