სამთავრობო ცვლილებები

პრემიერი: მინისტრებმა ჩემი გადაწყვეტილება ნორმალურად მიიღეს

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "მინისტრებს ჩემი გადაწყვეტილება პირადად გავაცანი და მათ ეს ნორმალურად მიიღეს". როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგანგებო ბრიფინგის გამართვამდე აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მინისტრების გარდა ინფორმირებული იყო კოალიციის პოლიტსაბჭოც.

"მე კორექტულობას ყოველთვის ვიცავ. გუშინ გვქონდა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც ამ ცვლილებებზე ვისაუბრეთ. მე პოლიტსაბჭოს წევრებს გავაცანი ჩემი ხედვები და დასაბუთება, თუ რატომ მიმაჩნია სწორად ზოგიერთ სამინისტროში ცვლილებები. კოალიციის პოლიტსაბჭო აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო და ჩემი გადაწყვეტილება მოიწონეს. რაც შეეხება უშუალოდ იმ მინისტრებს, რომლებსაც ცვლილებები შეეხოთ, მე პირადად გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება და მათ ეს ნორმალურად მიიღეს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების ვინაობა ცნობილი ხვალ ან ზეგ გახდება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი შეცვალა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად გადაიყვანეს. აგრეთვე, მინისტრთა კაბინეტში რჩება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს.

კანონმდებლობის მიხედვით, შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს. 

აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ცვლილებებს ჯერ კიდევ სამი თვის წინ უარყოფდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მას "6%-იანი ნაციონალური მოძრაობის აგორებულ ჭორებს" უწოდებდა. ღარიბაშვილმა 23 აპრილის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "არავითარი სამთავრობო ცვლილება, გადაადგილება და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება". ამასთან, თანამდებობის დატოვების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ "ღარიბაშვილის ადგილზე მე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა". მისივე თქმით, "4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან მოტანილი არ არის". 

კომენტარები