სამთავრობო ცვლილებები

პრემიერმა 7 მინისტრი შეცვალა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი შეცვალა. საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად გადაიყვანეს. აგრეთვე, მინისტრთა კაბინეტში რჩება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს.

პრემიერის თქმით, დანარჩენი მინისტრების ვინაობას საზოგადოება ხვალ ან ზეგ შეიტყობს. 

"ბოლო ორი თვის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა. პირველ რიგში, გამოვყოფდი საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას. სულ ახლახან ასევე ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პირველად საქართველოს ისტორიაში ძალიან დემოკრატიულად გავმართეთ მეორე ტურის არჩევნები და ეს ტესტიც წარმატებით ჩავაბარეთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას აქვს საქართველოს მოსახლეობის სრული ნდობა. ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება მთელ საქართველოში. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავამართლოთ ეს უდიდესი ნდობა და იმისათვის, რომ შევასრულოთ ყველა დანაპირები და დასახული ამოცანა, ამას სჭირდება გაორმაგებული ენერგია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ამა თუ იმ სამინისტროს შეიძლება ჰქონოდა ხარვეზები, თუმცა მთავარია მათი დროული გამოვლენა და დროული ცვლილება.

კანონმდებლობის მიხედვით, შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს. 

კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას.

მთავრობის საპარლამენტო მდივნი შალვა თადუმაძე განმარტავს, რომ ახალი შემადგენლობის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტს ეცნობება, ის კი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მოსაპოვებლად ერთი კვირის ვადაში წარუდგენს. როგორც თადუმაძე ამბობს, საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია აღნიშნული საკითხი, შვიდი დღის ვადაში განიხილოს.

"საერთო ჯამში, ეს მაქსიმუმ 14-დღიანი პროცედურაა", - აღნიშნავს შალვა თადუმაძე.

როგორც თადუმაძე ამბობს, არ არსებობს შემთხვევა, რომ პრეზიდენტი წარდგენილ შემადგენლობას არ დაეთანხმოს. 

კომენტარები