თვითმფრინავის ჩამოგდება

სააკაშვილი: ივანიშვილი და რუსეთი ერთნაირი მეთოდებით მუშაობენ

ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, რომელიც ოფიციალური მოსკოვის მეთოდებით მუშაობს - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს ივანიშვილი რუსული პროპაგანდის მსგავსად მუშაობს.

”დღეს როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა? დღეს მთელი რუსეთი დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს ამერიკელებმა, პუტინის თვითმფრინავი გადიოდა სადღაც 700 კილომეტრში, იმას დაუმიზნეს, შემთხვევით ააცილეს და მალაიზიურ თვითმფრინავს მოხვდა. ამაში დარწმუნებულია მთელი რუსეთი, ისევე როგორც დაარწმუნეს საზოგადოების რაღაც ნაწილი იმაში, რომ ჩვენ ხალხს ვაუპატიურებდით, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა თურმე მილიარდები სადღაც გავფლანგეთ. ძალიან მაინტერესებს სად არის ეს მილიარდები, იმიტომ რომ თვითონაც დაიჯერეს, რადგან ვანო მერაბიშვილს ეკითხებოდნენ მიშას ანგარიში მოგვეციო. დაიჯერეს, რომ მართლა ბავშვებს ვჭამდით. შეიძლება რაღაცაზე გაგვაკრიტიკონ, მაგრამ საამაყოც ძალიან ბევრია. ასეთი პროპაგანდა მიდის, ამის ფონზე მიდის ვითომ ხალხის სახელით პროცესები",- განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით საქართველოს ინტერესებშია, რომ რუსეთი დასუსტდეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ქონება გაზპრომის კეთილდღეობაზეა ჩამოკიდებული.

"ევროპას შეუძლია შეწყვიტოს ტექნოლოგიების მიწოდება ნავთობისთვის, გაზისთვის, რადგან რუსეთის არის ერთი დიდი ბენზინგასამართი სადგომი ეკონომიკურად. თუ ამ შემოსავალს ვეღარ მიიღებს, მაშინ ცუდად წაუვა საქმე. ევროპას შეუძლია საბოლოო ჯამში გაუყინოს სავალუტო რეზერვები. საინტერესოა, შემოიღოს ამერიკამ სანქციები გაზპრომზე. გაზპრომის აქციები დაეცა ისტორიულ მინიმუმამდე. ხომ არ იცით, ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად? ბიძინა ივანიშვილი. ის არის რუსეთის გაზპრომის მთავარი კერძო აქციონერი, ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. საქართველოს ინტერესებშია, რომ რუსეთი დასუსტდეს, მაგრამ საქართველოს ფაქტობრივი მმართველის პირადი ქონებრივი მდგომარეობა არის ჩამოკიდებული გაზპრომის გაძლიერებაზე. ეს არის ცუდი ამბავი ივანიშვილისთვის, ეს მის ჯიბეს ურტყამს მძიმედ. მას აქვს საბანკო ინტერესები იქ, სადაც ამერიკამ დააწესა სანქციები" - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები