საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

პრეზიდენტი: უკრაინის მოვლენები რუსეთთან პოზიტიური დინამიკისთვის ცუდ ფონს ქმნის


საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა, სამწუხაროდ, უარყოფითი ფონი შექმნა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის პოზიტიური დინამიკისთვის. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა:

„რუსეთთან ურთიერთობას ქონდა ბევრად უფრო პოზიტიური დინამიკა, ბუნებრივია, უკრაინამდე. ჩვენ გახსოვთ, გადავდგით ძალიან სწორი ნაბიჯი, როდესაც ჟენევის ფორმატის პარალელურად შევქმენით პარღის ფორმატი, მუშაობა ეკონომიკური მიმართულებით, გაიხსნა რუსული ბაზარი, დაიწყო მეტი კონტაქტები, კულტურულად მეტი კავშირები გაიხსნა, მოხდა დაძაბულობის დეესკალაცია რუსეთთან. რა თქმა უნდა პარალელურად ხდებოდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი მავთულხლართების გაბმა, მაგრამ მაინც ფონი რადიკალური რიტორიკიდან გადავიდა უფრო საქმიან რიტორიკაზე. სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა გარკვეული უარყოფითი ფონი შექმნა ამ მიმართულებით", - ამბობს მარგველაშვილი.

ამასთან, პრეზიდენტს აიმედებს ის, რომ რუსეთმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისას „როგორც თქვა, არ შექმნა სირთულე".

„რუსეთთან მიმართებაში მე დაიმედებული ვარ იმით, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხებში, როგორც თქვეს, ასევე არ შექმენს სირთულე. რაც თქვეს შემდეგ, რომ ისინი დაიცავენ საკუთარ ბაზარს, აი ამ დონეზე განხორციელდება შემდეგ უკვე მოლაპარაკებები და სირთულეებიც ამ ჭრილში იქნება თავმოყრილი," - ამბობს მარგველაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სავარაუდოდ მომავალი კვირის მანძილზე უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას აპირებს. მარგველაშვილის თქმით, სხდომა NATO-ს უელსის სამიტთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავენ თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „უშიშროების საბჭო მუშაობს როგორც რუსეთის, ასევე აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის მიმართულებით. უშიშროების საბჭოს სხდომა სპეციფიურად მიეძღვნება უელსის საკითხს. ბუნებრივია, შემადგენელია რუსეთი ამ თემების, მაგრამ კონკრეტულად სხდომა უელსს მიეძღვნება."

კომენტარები