"ეს არის კლასიკური ნაბიჯი ჩვენი მთავრობის, ივანიშვილის გუნდის, რომ დანაშაულთან ბრძოლის ნაცვლად, ისინი სტატისტიკას აყალბებენ" - ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ შსს-ს დანაშაულის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, დანაშაული შემცირდა, ხოლო დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა.
"ეს ძალიან ჰგავს საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა 90-იანების რეალობას, როცა ციფრებით მანიპულირება იყო ხელისუფლების მთავარი ამოცანა და არა რეალურად დანაშაულთან ბრძოლა. ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის" - თქვა ბოკერიამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ასევე შეაფასა ადვოკატ გოგა ონიანის დღევანდელი განცხადება, სადაც ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ტელეფონით მას, აკო მინაშვილს და გიგა ბოკერიას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
"ეს უკავშირდება იმ ვითარებას, რომელიც არის საქართველოში. როცა არის კრიმინალი გაზრდილი, ორგანიზებული დანაშაული გათამამებულია. როცა გვაქვს აშკარა ნიშნები ხელისუფლების პირდაპირი კავშირისა ქურდულ სამყაროსთან. ამის გამოძახილია ეს კონკრეტული ფაქტიც სამწუხაროდ, და ეს საფრთხეს უქმნის პირველ რიგში საზოგადოებას და მერე პოლიტიკოსებს. ამიტომ უნდა იყოს ეს განსაკუთრებული შეშფოთების და ყურადღების საგანი" - აღნიშნა ბოკერიამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ადვოკატ გოგა ონიანს ტელეფონით დაემუქრნენ და უთხრეს, რომ მას, გიგა ბოკერიას და აკაკი მინაშვილს ფიზიკურად გაუსწორდებიან. ამის შესახებ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ მას ე.წ. რემენას საქმეზე პროკურატურის პასუხის გასაჯაროების შემდეგ დაურეკეს. პროკურატურის მტკიცებით, 1997 წლის შემდეგ, საქართველოში კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე, ე.წ. რემენა არ შემოსულა.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 26 ივნისს გავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე (რემენა) აეროპორტიდან გააპარეს. პარტიის ინფორმაციით, გენინსპექციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდის მომლოდინე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცეპრემიერ კახა კალაძის დავალებით მოქმედებდნენ. ირმა ნადირაშვილის თქმით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ბარბაქაძე არა ე.წ. კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი იყო, "დახვდნენ მას ტრაპთან და ისე გაიყვანეს აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც არ დაფიქსირებულა". პარტიის ინფორმაციით, რომან ბარბაქაძე აეროპორტის ტერიტორიიდან S-კლასის მერსედესით (სახელმწიფო ნომრებით ZQZ-222) გაიყვანეს, რომელიც მოქალაქე მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის (დაბადებული 1970 წელს) მფლობელობაში იმყოფება. დეპუტატის ინფორმაციით, მარინა დოლიძის მეუღლე ილია კეჭაყმაძე საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ვიცეპრემიერის კუთვნილებაში მყოფი ბანკის - პროგრეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ასევე, KALA CAPITAL LIMITTED-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შპს კალა კაპიტალის დირექტორი. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოში დეპორტაციისა და "თბილისის აეროპორტიდან მისი გაქრობის" საქმეზე ვიცეპრემიერის კახა კალაძის დაკითხვა მოითხოვა.