ეროსი კიწმარიშვილის საქმე

მაია ნიკოლაიშვილი: კიწმარიშვილს თავის არეში მიბჯენით ნასროლი ჭრილობა აქვს

"ეროსი კიწმარიშვილს რომ თავის არეში მიბჯენით ნასროლი ჭრილობა აქვს, ჩატარებულ ექსპერტიზაში მონაწილე ყველა ექსპერტი თანხმდება", - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა განუცხადა, რომელიც პროცესში კიწმარიშვილის ოჯახის თხოვნით ჩაერთო. 

"სროლა განხორციელებულია უმანძილო დისტანციიდან – მიბჯენით. ასახულია ლულის ანაბეჭდი – შტანც-მარკა. ეს კლასიკურად ასახული ლულის კვალია, რაც იშვიათია. ვისი ხელით იყო ნასროლი, ამას ჩვენ ვერ დავადგენთ, თუმცა მიბჯენით არის ნასროლი. დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც გასროლა განხორციელდა, მძლავრია და დაზიანებულია თავის ქალის ძვლები", - თქვა ნიკოლაიშვილმა და აღნიშნა, რომ კიწმარიშვილის სხეულის ექსპერტიზა დასრულებულია. მისი ინფორმაციით, ამის შემდეგ, კვლევა ჩაუტარდება ავტომობილს და შემთხვევის ადგილს. 

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი ყიფშიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც გარდაცვლილის სახელზე 15 ივლისს დარეგისტრირდა. ამასთან, ყოფილი პარლამენტარის ბადრი ნანეტაშვილის თქმით, „ეროსი კიწმარიშვილმა გუშინ მითხრა, რომ ძმისთვის საჩუქრად იარაღის ყიდვა სურდა“.

კომენტარები