ეროსი კიწმარიშვილის საქმე

კიწმარიშვილის თანაშემწე: იარაღის გაფორმებაზე არაფერი უთქვამს

რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის ეროსი კიწმარიშვილის თანაშემწე თიკო ბეჟაშვილის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილს მისთვის იარაღის გაფორმებაზე არაფერი უთქვამს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა და აღნიშნა, რომ თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

"ძალიან ბევრ თემაზე ვსაუბრობდით და არც უხსენებია. ასეთი საუბრების დროს შეეძლო ეხსენებინა, რომ ძმისთვის იარაღის ჩუქებას აპირებდა. იარაღის გაფორმებაზეც არაფერი უთქვამს, იმიტომ, რომ ცნობებზე, რა თქმა უნდა, მე დავდიოდი და მე ვიღებდი. ასეთ საქმეს მე ვაკეთებდი 17 წლის განმავლობაში და არ მგონია, ერთ დღეში გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელმაც შეაგროვა ეს საბუთები, მიაწოდა და თან ერთ დღეში გაუფორმა, ეს წარმოუდგენელია. თვითმკვლელობას გამოვრიცხავ", - აღნიშნა თიკო ბეჟაშვილმა და დასძინა, რომ მუქარის შემცველ ზარებს ეროსი კიწმარიშვილთან მიმართებით ადგილი არ ჰქონია. 

რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი ყიფშიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც გარდაცვლილის სახელზე 15 ივლისს დარეგისტრირდა. ამასთან, ყოფილი პარლამენტარის ბადრი ნანეტაშვილის თქმით, „ეროსი კიწმარიშვილმა გუშინ მითხრა, რომ ძმისთვის საჩუქრად იარაღის ყიდვა სურდა“.

კომენტარები