მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ენას კბილს ვერ ვაჭერ და საიდუმლოს შენახვა არ შემიძლია

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

ენას კბილს ვერ ვაჭერ და საიდუმლოს შენახვა არ შემიძლია. ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ არც ერთი სპეცსამსახური არ მომენდობოდა, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Haqqin.az-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის კავკასიის რეგიონში მუშაობაზე საუბრობს.

"ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ძლიერ შეასუსტა თავისი პოზიციები, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა რეგიონში. ცივი ომის დასრულების შემდეგ მათ აქ არაფერი დარჩათ – არც სერიოზული ანალიტიკა, არც სადაზვერვო ქსელი. ამერიკულ დაზვერვას საერთოდ დაავიწყდა ჩვენი რეგიონი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მათ პრიორიტეტები შეეცვალათ. მთელი თავისი რესურსი ახლო აღმოსავლეთში გადაისროლეს. საუკეთესო ძალები ისლამურ სახელმწიფოებში ტერორიზმთან ბრძოლისთვის გაუშვეს. შედეგად, უკრაინაში განვითარებული მოვლენები ამერიკული დაზვერვისთვის სრული მოულოდნელობა იყო. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აქტიურად მუშაობს ჩვენს რეგიონში და რაღაც სცენარებს ამზადებს, სრული აბსურდია. რომც მოინდომონ, ამერიკული სპეცსამსახურების ახლანდელი მდგომარეობისა და პრიორიტეტების პირობებში, ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ. ამიტომ კრემლში ან უნდათ ეს დაიჯერონ, ან უბრალოდ ამ გზით ამართლებენ თავიანთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია რუსული გავლენის ზონის გაფართოებისკენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა მისი და CIA-ის თანამშრომლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ მისი კონტროლი შეუძლებელია, ის ერთგვარად შეუკაზმავი ცხენია, რომელსაც სპეცსამსახურები ვერ გააკონტროლებენ.

"მე არ ვარ ის ადამიანი, ვისი კონტროლიც შესაძლებელია. ცხოვრებაში არასდროს მყოლია უფროსი. დამოუკიდებელი იურისტი ვიყავი ამერიკაში, შემდეგ – დეპუტატი. დიახ, რაღაც დროის განმავლობაში გახლდით მინისტრი, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი. შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. საბოლოოდ, ქართულ ოპოზიციას ჩავუდექი სათავეში და საქართველოს პრეზიდენტად ამირჩიეს. ამიტომ, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი გამოძახება და რაიმე დავალებების მოცემა. არ ვიცი, ეს როგორი სანახავი იქნებოდა. მე, როგორც იტყვიან, შეუკაზმავი ცხენი ვარ. ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ არცერთი სპეცსამსახური არ მომენდობოდა. ენაზე კბილის დაჭერა არ შემიძლია. საიდუმლოს ვერ ვინახავ და არც მიყვარს საიდუმლოებები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები