გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ხელისუფლების შემდეგი სამიზნე სასამართლო და თავისუფალი მედია იქნება

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, "არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა მყარდება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, სამიზნე სასამართლო და თავისუფალი მედია იქნება". როგორც უგულავამ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე მიმდინარე პროცესზე აღნიშნა, განსაკუთრებული სამიზნე რუსთავი 2 იქნება.

ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა პროკურატურის შუამდგომლობას მისი ხელახალი პატიმრობისა და სიდედრის ბინის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. როგორც უგულავამ აღნიშნა, ის უკვე წინასწარ პატიმრობაშია და აზრი არ აქვს ხელახალ პატიმრობას. მისი თქმით, პროკურატურის მიზანს მისი ოჯახის გამწარება წარმოადგენს.

“ეს არ გამკვირვებია ხელისუფლებისგან და მისი არანორმალური მმართველისგან. ისედაც წინასწარ პატიმრობაში ვარ და ჩემს ხელმეორედ დაპატიმრებას აზრი არ აქვს, თუ არა ჩემი ოჯახის გამწარება. ცნობილია, რომ გირაოს თანხით უზრუნველყოფილია ჩემი სიდედრის სახლი და მას ახლა საფრთხე ემუქრება, უსახლკაროდ დარჩეს. ასევე პასუხისგებაშია მიცემული მისი ქმარი და ჩემი ქვისლი. ეს არის სადამსჯელო ოპერაციის მეორე ეტაპი, რომ ჩვენი ოჯახი სახლებიდან გამოასახლოს. ეს არის ივანიშვილის რეალური სახე. გუშინდელი არჩევნების შემდეგ მისი ერთპიროვნული მმართველობა ყალიბდება. რა თქმა უნდა, განვიცდი და მეცოდება ჩემი ოჯახი. დღეს დედაჩემის დაბადების დღეა და აქედან ვულოცავ. თუ ასეთი ცინიკური იქნებოდა გამოწვევა, არ მეგონა”, - თქვა უგულავამ.

შეეფარდება თუ არა თბილისის განვითარების საქმეზეც წინასწარი პატიმრობა და გადავა თუ არა გიგი უგულავას სიდედრის ბინა სახელმწიფო საკუთრებაში, ამაზე გადაწყვეტილებას მოსამართლე მაია შოშიაშვილი სავარუდოდ დღეს მიიღებს.

კომენტარები