გიგი უგულავას საქმე

ბენდუქიძე: ქართული ოცნების მხარდაჭერის ეროზია ძალიან სწრაფად მიმდინარეობს

tabula.ge

საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები შეაფასა. ბენდუქიძემ პრემიერის იმ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, სადაც ღარიბაშვილი არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაციის დასრულებაზე საუბრობს.

”კოჰაბიტაცია, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ფრანგული მოდელიდან გამომდინარე, არის თანაარსებობა პრემიერისა და პრეზიდენტისა. ამიტომ რას გულისხმობდა პრემიერი ამ შემთხვევაში ცოტა გაუგებარია. თუ ის გულისხმობდა პრეზიდენტთან თანაარსებობის შეწყვეტას, საინტერესო კომპოზიცია გვექნება ალბათ. თუ ის გულისხმობდა იმას, რომ ამ არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებას ხელი ექნება გახსნილი და შეძლებს ტერორი გააღვივოს, - ეს უფრო რეალისტურად მეჩვენება ცხადია. მე მგონია, რომ მოხდება გამწვევება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. არამგონია რომ პირდაპირ ახლა მოხდეს, მაგრამ სექტემბერსა და ოქტომბერში ალბათ ასეთი რაღაცები იქნება. სექტემბერსა და ოქტომბერში იქნება მოთხოვნილება, რომ რაღაც სანახაობრივი შეიქმნას, აგვისტოში გაკეთებული არაფერს მოგვცემს ალბათ. შესაბამისი მოქმედებები სამართალდამცველების მიერ იქნება ჩატარებული, მაგრამ მგონია რომ ეს იქნება ბოლო ასეთი ტალღა, იმიტომ რომ ჩემი აზრით, ის ბაზა მხარდაჭერისა რომელიც ჰქონდა დღევანდელ მთავრობას მისი ეროზია ხდება ძალიან სწრაფად და გასაგებია, რომ შემდეგი წლისთვის ის იქნება ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, დომინანტი ვეღარ იქნება ვერანაირ შემთხვევაში” - განაცხადა ბენდუქიძემ.

მისი თქმით, ამ მოქმედებებს ორი შინაარსი აქვს - პირველი ის არის, რომ ეს არის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უნდა განადგურდეს ნებისმიერი პოლიტიკური, დამოუკიდებელი აზრის წყარო. არ უნდა იყოს არავინ, ვინც არ იქნება კოჰერენტული და დამორჩილებული მთავრობის სურვილებს თუ მიზნებს.

”და მეორე იმიტომ, რომ სიტუაცია ეკონომიკაში არ არის სახარბიელო, არ არის სახარბიელო მთავრობის შეცდომების გამო. ჩემი ღრმა რწმენით და არამარტო ჩემი რწმენით, მსოფლიო გამოცდილებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის წარმოდგენა რა არის ეკონომიკური ზრდის წყარო და როგორ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა, არის მცდარი. და აი ამ ეკონომიკური წარუმატებლობის გადასაფარად, იმისთვის, რომ გადავიდეს ყურადღება შეუსრულებელი დაპირებებიდან შესრულებულ სასჯელებზე, აი ამის გამო ტარდება ეს ღონისძიებები რაც ტარდება” - განაცხადა ბენდუქიძემ.

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კომენტარი გიგი უგულავას დაპატიმრებაზეც გააკეთა. 

”მე არავითარი წინააღმდეგობა არ შემიძლია გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს სასამართლო პროცესი რაღაც სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, ეს ნორმალურია, სამართლიანობა ამაში მდგომარეობს და ამაზე ალბათ ვერავინ ვერ იკამათებდა, რომ არ შეიძლება ვიღაც ადამიანის გასამართლება, იმიტომ, რომ კარგი ადამიანია, კარგი გააკეთა თუ ლამაზად გამოიყურება. მაგრამ როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ეკონომიკურ დანაშაულებზეა დაწყებული სასამართლო პროცესი, რომ მას ხელბორკილებს ადებენ ისე, როგორც ეს უნდა მოხდეს სექსუალური მოძალადის ან მკვლელის შემთხვევაში, მირბის და უცბად დაეწივნენ და დაიჭირეს, აი ეს არის ცოტა არ იყოს და სასაცილოდ გამოიყურება სატირელი რომ არ იყოს.

აი ეს ნამდვილად ეს არის. ამის გაკეთება ყველა შემთხვევაში არის სასაცილო. ბრალდებები არსებობს და სასამართლო არსებობს, რომ თავისი დანაშაულის საკადრისი მიიღოს. საჭიროა ჯარიმა თუ საჭიროა ციხე, ამისთვის არსებობს სასამართლო. აი წინასწარი პატიმრობის ასეთი ჭარბი გამოყენება, ცოტა არ იყოს არ შვენის ჩვენს სამართალდამცავ სიტუაციას, თორემ ჩვენ ვიცით, რომ ბევრ ქვეყანაში იყო სასამართლო პროცესები ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

საფრანგეთში მაგალითად ახლა არის სასამართლო პროცესი სარკოზის წინააღმდეგ, იყო სასამართლო პროცესი შირაკის წინააღმდეგ, არავის მოსვლია თავში აზრად, რომ შირაკი დაეპატიმრებინათ, ჩაესვათ, წინასწარი პატიმრობის რეჟიმში მოეთავსებინათ და მერე 1 წლის განმავლობაში სასამართლო პროცესი წასულიყო. იგივეა სარკოზის შემთხვევაში, ახლა სარკოზი 2 თვით ჩასვან, რომ ამან გაადვილოს სასამართლო პროცესის წარმოება. ეს არის აბსოლუტურად ჭარბი, ეს აძლევს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ ადამიანებს საშუალებას, თქვან, რომ პოლიტიკური პროცესის ნაწილია” - განაცხადა ბენდუქიძემ.

ბენდუქიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში შესაძლოა გამოძიება სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის პირადად მას შეეხოს. 

”მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ცხოვრება ისე არის მოწყობილი არ იცი რა მოხდება. მინდა გითხრათ, ბოკერიას მაგალითზე, რომ ეს იქნება ძალიან სამარცხვინო თუ მოხდება. კარგი იქნება, რომ ამ საქმის შინაარსის განხილვა მოაწყოთ პირდაპირ ეთერში, თუ ეს რაღაც გამოძიების საიდუმლოებას არ არღვევს, იმიტომ რომ ეს არის რაღაც უმსგავსობა, რაზეც აღძრულია საქმე. უმსგავსობაა ჩვენი საქმეც, სადაც დამნაშავე არ არსებობს და გამოძიება მიმდინარეობს და ცდილობენ რამე მაინც იპოვონ ჩვენთან დაკავშირებით” - აღნიშნა ბენდუქიძემ.

 

კომენტარები