ღაზის სექტორი

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

"ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისრაელში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი. საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს წარმომადგენლობას ცხელი ხაზის ნომერზე +972-526919092. ასევე გაცნობებთ, რომ ისრაელის სამხრეთი და ცენტრალური რეგიონების ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში გახსნილია საზოგადოებრივი თავშესაფარი. სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშესაფარის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს", - აცხადებს საქართველოს საელჩო ისრაელში და აქვეყნებს ისრაელის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ ინსტრუქციებს.

მასში მოყვანილია ის ძირითად პრინციპები, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა დაიცვან სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამოცხადების შემთხვევაში:

"1) განგაში გაისმა მაშინ, როცა იმყოფებით შენობაში: თავი შეაფარეთ სახლში არსებულ სპეციალურად დაცულ ოთახს. თუ ასეთი ოთახი არ არსებობს, მაშინ უნდა მიაკითხოთ სახლთან არსებულ უახლოეს საზოგადოებრივ თავშესაფარს. საზოგადოებრივი თავშესაფარი ისრაელის ყველა დასახლებულ პუნქტში არსებობს;

2) იმყოფებით შენობის გარეთ: შეგიძლიათ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობაში არსებულ თავშესაფარს. თუ იმყოფებით მანქანაში და გაიგეთ სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი განგაში, უნდა შეაჩეროთ მანქანა, გადააყენოთ გზის სავალი ნაწილიდან, გადმოხვიდეთ და მიაკითხოთ უახლოეს თავშესაფარს (საზოგადოებრივს ან შენობაში არსებულს). ასეთის არარსებობის შემთხვევაში, დაწექით მიწაზე მანქანიდან მოშორებით და თავი დაიფარეთ ხელებით. დაცული ტერიტორიის დატოვება შესაძლებელია განგაშიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ.

დეტალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ისრაელის ზურგის სამსახურის ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე: www.oref.org.il ან ხსენებულ ორგანიზაციას დაუკავშიერდეთ ტელეფონის ნომერზე 104" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები