ღაზის სექტორი

ისრაელმა შესაძლო სახმელეთო ოპერაციისთვის 40 000 რეზერვისტი გაიწვია

ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს
JACK GUEZ / AFP

ისრაელში ვითარება კვლავ დაძაბულია. უსაფრთხოების ზომები ქვეყანაში გამკაცრებულია. მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ ათობით იერიში მოიგერია, დაჯგუფება ჰამასი თელ-ავივსა და რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო თავდასხმებს კვლავ ახორციელებს. ოფიციალური ისრაელის განცხადებით, ტერორისტების ხელში არსებული რაკეტები საფრთხეს უქმნიან ისრაელის 3,5 მილიონ მოსახლეს, რისთვისაც ჰამასს ფასის გადახდა მოუწევს. ტერორისტებს რაკეტების გაშვება ღაზის სექტორიდან 40-80 მილის დაშორებით შეუძლიათ.

ოფიციალური ღაზის ცნობით, დაღუპულია 38 პალესტინელი, 150 კი დაშავებულია. მათ შორის არიან რიგითი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები.

ისრაელი სამხედროების ცნობით, ღაზის სექტორზე სარაკეტო თავდასხმების პასუხად 200-მდე შეტევა განხორციელდა. ჰამასის სამხედრო ფრთა ამბობდა, რომ ახლა ყველა ისრაელი სამიზნეშია.

ოფიციალურმა ისრაელმა შესაძლო სახმელეთო ოპერაციისთვის 40 000 რეზერვისტი გამოიწვია.

"ბოლო კვირების განმავლობაში ჰამასის დაჯგუფებამ 100-ობით სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ჩვენ განუწყვეტლივ ვაფრთხილებდით ჰამასს, შეეჩერებინა მოქმედებები. ჩვენი სამხედროები იბრძვიან ახლა, რათა დაასრულონ ეს ერთხელ და სამუდამოდ. უნდა გავათავისუფლოთ ისრაელები სარაკეტო თავდასხმისგან გამოწვეული საფრთხისგან", - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრის სპიკერმა მარკ რეგევმა. 

ისრაელში დაწყებულ საომარ მოქმედებებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს. ის დასავლეთს სთხოვს, მოუწოდოს ისრაელს, თავიდან აიცილოს ”ადამიანური კატასტროფა”. ირანი პალესტინური სამხედრო დაჯგუფება ჰამასის ტრადიციული მოკავშირეა. ისრაელი ირანს მუდმივად სდებდა ბრალს, რომ ჰამასს იარაღითა და რაკეტებით ამარაგებდა.

"ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ისრაელების მხრიდან აგრესიის ესკალაციას უდანაშაულო და დაუცველი პალესტინელი ხალხის მიმართ. აგრესია გამოწვეულია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცების არარეალური ბრალდებით. მოვუწოდებთ დასავლეთის ქვეყნებსა და ისრაელის მხარდამჭერებს, დაიკავონ მყარი პოზიცია და თავიდან აიცილონ ადამიანური კატასტროფა და ისრაელმა შეწყვიტოს შეტევები", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარზიე აფხამმა.

ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზად, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა იქცა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მოკვლით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

კომენტარები