აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

დღეს, პრაღაში კარასინი-აბაშიძის რიგით მე-7 შეხვედრა გაიმართება

ზურაბ აბაშიძე

დღეს, პრაღაში კარასინ-აბაშიძის რიგით მე-7 შეხვედრა გაიმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრებენ.

თემის განხილვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტში მოხდება.

"ასოცირების ხელშეკრულება ეს ის კონტექსტია, რასაც, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით. ჩვენი ხედვით, ასოცირების შეთანხმება არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რომ ჩვენ ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან. ჩვნ გვაქვს გარკვეული მანდატი, შეთანხმებული საკითხები განსახილველად,  რომლებიც უმთავრესად პრაქტიკულ თემებთან არის დაკავშირებული. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარული ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები. გაფართოვდეს ეს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თუ არსებობს რაღაც ბარიერი, ისიც უნდა მოიხსნას", - განაცხადა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, რუსეთის პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ დამცავ ზომებს მიიღებს, თუ მათი პარლამენტები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენენ. 

"ამ ზომების მოცულობა იმასთან ახლოს იქნება, რაც მოლდოვის მიმართ არის დაგეგმილი“, - განაცხადა მედვედევმა. მისი თქმით, მოლდოვის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინა, შესაბამისად, რუსეთმაც გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიღოს. მედვედევმა აღნიშნა, რომ მოლდოვის ასოცირება ევროკავშირთან „ძალზე სერიოზულად აისახება მის კავშირებზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის სხვა მონაწილეებთან, საბაჟო კავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ჩათვლით“.

მისი თქმით, არსებობს იმის საფრთხე, რომ მოლდოვიდან, მოლდოვური საქონლის სახით, დსთ-ის ქვეყნებში ევროპული პროდუქცია შევიდეს, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკას დააზარალებს. შესაბამისად, რუსეთმა საკუთარი ბაზრის დაცვის ზომები უნდა მიიღოს.

კომენტარები