ნედლეული

BP: მსოფლიოში ნავთობის 53 წლის მარაგი დარჩა

BP-ის მონაცემებით მსოფლიოში ნავთობის 53 წლის მარაგი დარჩა
REUTERS

BP მსოფლიო ნავთობის მარაგების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. სავარუდო მონაცემებით, ეს რიცხვი 1687.9 მილიარდ ბარელს შეადგენს. 2014 წლის მონაცემები გასული წლის მაჩვენებელს 1.1%-ით აღემატება. იმ შემთხვევაში, თუ ნავთობზე დღევანდელი მოთხოვნა უცვლელი დარჩა და მომავალში ახალი მარაგები არ იქნა აღმოჩენილი, ეს რაოდენობა მსოფლიოს 53.3 წლის განმავლობაში ეყოფა. 53 წელი არ წარმოადგენს ნავთობპროდუქტების სრულ ლიმიტს, ეს არის დღეისთვის მოძიებული და დადასტურებული მარაგების ოდენობა.

ნავთობის მარაგების ყველაზე დიდი ზრდა ამერიკაზე მოდის. BP-ის ანგარიშის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებს 44 მილიარდი ბარელი ნავთობის რეზერვები აქვს, რაც 26%-ით აღემატება წინა შეფასებას. პროგნოზი ძირითადად ტექსასის შტატის ნავთობპოტენციალზე დაყრდნობით კეთდება.

რუსეთის მარაგები 4.2%-ითაა გაზრდილი, რაც ქვეყნის აღმოსავლეთში ახალი საბადოების ამუშავებას უკავშირდება.

ახალი ტექნოლოგიები კომპანიებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტიანად მოიძიონ ნავთობი ოკეანის შელფურ ზონაში. ოკეანური ნავთობის მოპოვება კონტინენტურთან მიმართებით ყოველწლიურად იზრდება.

BP უკვე 63 წელია ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ენერგეტიკის სტატისტიკურ მიმოხილვას ნავთობის, ბუნებრივ აირის, ბირთვული და ჰიდროენერგიის შესახებ. ანგარიშების მიხედვით, მსოფლიო ნავთობის შეფასებები ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

კომენტარები