გიგი უგულავას საქმე

დიმიტროვი: ასოცირების ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერი გარანტირებულია

eeas.europa.eu

ევროკავშირის ელჩის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, თუ ხელისუფლება ევროკავშირის განცხადებებს მეტ ყურადღებას დაუთმობს, "შესაძლოა თავიდან აიცილოს ის, რაც სხვა შემთხვევაში არასასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება აღმოჩნდეს". მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა სხვა დანარჩენის, მათ შორის, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გარანტიებს არ ნიშნავს. ევროკავშირის ელჩმა საინფორმაციო სააგენტო პირველთან საუბარში გიგი უგულავას დაკავება და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირება შეაფასა. ტაბულას ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს, რომ აღნიშნული ინტერვიუ ნამდვილად შედგა.

„თქვენ იცით ოპოზიციის ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთების შესახებ. როგორც დიპლომატი, მე ვერ გაგცემთ დეტალურ პასუხს სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედების თაობაზე, თუმცა ჩემი მტკიცე რეკომენდაცია იქნებოდა, რომ ხელისუფლებამ წაიკითხოს ჩვენი განცხადებები. ისინი ძალიან ზრდილობიანი ფორმითაა გაკეთებული და ამ განცხადებებში ჩვენ არავითარ მოთხოვნებს არ ვაყენებთ, რადგან საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა, განცხადებები ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებულ განწყობას ასახავს. თუ ხელისუფლება მათ მეტ ყურადღებას დაუთმობს, მან შეიძლება თავიდან აიცილოს ის, რაც სხვა შემთხვევაში შეიძლება არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს. მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი Facebook-ზე სვამდა კითხვას, ხომ არ შეუჩერებენ საფრანგეთს ევროკავშირის წევრობას პრეზიდენტ სარკოზის საქმის გამო. მე ვაფასებ მის შეშფოთებას. მინდა მტკიცედ დავარწმუნო, რომ საფრანგეთს ევროკაშირის წევრობას არ შეუჩერებენ. მაგრამ, ასეთივე სიმტკიცით ვერ დავარწმუნებ, რომ ახლა, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელმოწერილია, ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, გარანტირებულად უნდა ჩაითვალოს“, - განუცხადა დიმიტროვმა პირველს.

ცნობისთვის, გიგი უგულავა აეროპორტში დააკავეს და ორი ახალი ბრალი წაუყენეს (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და მარნეულის ეპიზოდი). მას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რასაც სასამართლოსთან დაპირისპირება მოყვა. ინციდენტის დროს, პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა, მათ შორის, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და თბილისის ყოფილი მერი კოტე გაბაშვილი. ბეჟაშვილი სამ საათში გაათავისუფლეს. სხვა დაკავებულებს სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო ბეჟაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.

დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმის წარმოებაში მიღებაზე გადაწყვეტილებისთვის სასამართლოს 5-დღიანი ვადა აქვს.

კომენტარები