საკვირაო ქადაგება

ვოლსკი: მეუფეს რატომ არ აქვს უფლება, ქადაგებისას თავისი მოსაზრება გამოთქვას?

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ჩვეულებრივი ადამიანია და მას აქვს სიტყვის თავისუფლება ქადაგების დროსაც.

"მე არ ვარ არავის ადვოკატი, მაგრამ ჭიაბერაშვილს თუ აქვს უფლება, გამოვიდეს და დამოძღვროს საზოგადოება, მეუფეს რატომ არ აქვს უფლება, თავისი მოსაზრება გამოთქვას? თუნდაც ქადაგების დროს. იგი ისეთივე ადამიანია, როგორც სხვა. იმის კათედრა და აუდიტორია ის არის. თან არ არის მკაცრად გაწერილი რაღაც წესები - რა შეუძლია თქვას და რა არა. ახალ კანონშიც და ძველ კანონებშიც სრულფასოვნად არის დაცული ქადაგების თავისუფლება, ისევე როგორც სიტყვის თავისუფლება, რომელიც გააჩნია ნებისმიერ ადამიანს", - აცხადებს ვოლსკი.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციური შეთანხმებისა და საპატრიარქოს არაერთგზის განცხადების თანახმად, ქორეპისკოპოსი, რომელიც პატრიარქის მოადგილის თანამდებობაა, არა მხოლოდ საკუთარ, არამედ საქართველოს საპატრიარქოს აზრს გამოხატავს.

შეგახსენებთ, საკვირაო ქადაგებისას მეუფე იაკობმა ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თქვა, რომ "საბჭოთა კავშირის დრო არ არის, თორემ შეიძლება, ცოტა სხვანაირად მოვქცეოდით". ის პარტიის წევრებს მიმართავს, რომ თუ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ, "ბრენდი შეიცვალონ".

კომენტარები