კიბერკრიმინალი

CNN: რუსეთმა ამერიკულ ენერგოკომპანიებზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელა

PowerAfrica

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსმა ჰაკერებმა კიბერშეტევა განახორციელეს ევროპისა და ამერიკის უმსხვილეს ენერგოკომპანიებზე, ოპერაციის კოდური სახელით "ენერგეტიკული დათვი".

CNN-ის ცნობით, ჰაკერებმა ვირუსული პროგრამით შეაღწიეს სახელმწიფოების კუთვნილ ენერგო, გაზგამანაწილებელ და საქაჩ სადგურებში, ნავთობისა და გაზის მილსადენთა მართვის ოპერაციულ სისტემებში და უმსხვილესი კერძო ნავთობკომპანიების სისტემებში.                                                        

უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი კომპანია Crowdstrike ავრცელებს ინფორმაციას "ენეგრეტიკულ დათვზე", რომლის მიხედვითაც ვლინდება, რომ რუსები ამ პროექტს 2012 წლიდან გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შეტევებმა ყველაზე ინტენსიური სახე დასავლეთის მხრიდან რუსეთისათვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ მიიღო.

CNN-ის ინფორმაციით, Crowdstrike-ში ფიქრობენ, რომ შეტევები უმსხვილესი ენერგოკომპანიების Gazprom-ისა და Rosneft-ის ორგანიზებულია რუსულ სამხედრო ჰაკერულ სადაზვერვო სამსახურთან ერთად.

"ენერგეტიკული დათვის" შედეგად მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა ჯერ ცნობილი არ არის, რადგანაც არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ინფორმაცია ჩაიგდეს ჰაკერებმა ხელში, თუმცა Symantec-მა, უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელმა კომპანიამ, CNN-ს უთხრა, რომ ყველაზე დიდი ზარალი ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიადგათ.  

მსგავსი კიბერშეტევების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა დაეხმაროს რუსულ მხარეს, წინასწარ გაიგოს, სად და როგორ ახორციელებენ კონფიდენციალურ ოპერაციებს ისეთი ენერგოგიგანტები, როგორებიც არიან Exxon Mobil და BP, - ნათქვამია CNN-ის სტატიაში. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთს ევროპული ფიქლის გაზის საბოტაჟში NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც დასდო ბრალი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხარე არც კიბერკრიმინალთან და არც ფიქლის გაზის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები