კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტროს ცენტრალური აპარატი 11 საშტატო ერთეულით გაიზარდა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საშტატო რიცხოვნობა გაიზარდა. აქამდე, უწყებაში შტატები 129 ერთეულით იყო განსაზღვრული, ახლა კი, 140 პირი იმუშავებს. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ მთავრობის ახალი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მინისტრს ხუთი თანაშემწის მაგივრად, ექვსი ეყოლება. სამინისტროში შვიდი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ნაცვლად, იქნება – რვა. სამმართველოს უფროსების რაოდენობა 18-დან 20-მდე იზრდება, ხოლო 56-დან 63-მდე იზრდება მთავარი სპეციალისტების რაოდენობა. 

ამასთან, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა განსაზღვრულია ოთხი საშტატო ერთეულით (აქედან ერთი პირველი მოადგილეა) და მას ასევე ჰყავს ექვსი მრჩეველი. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, უწყებამ თანამშრომლები განსაკუთრებულად დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო დაიმატა. კულტურის სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იქმნება ასოცირების სამმართველო, რომელიც იმუშავებს ხელშეკრულების ფარგლებში კულტურის სფეროში გაწერილი ვალდებულებების შესასრულებლად.

გარდა ამისა, სამინისტროს მტკიცებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მინისტრს ექვსი თანაშემწე ეყოლება.
 
"საკითხი ეხება მინისტრის აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ მინისტრის მოადგილეებისა და აპარატის უფროსის თანაშემწეებად. კულტურის მინისტრს ჰყავს მხოლოდ ერთი თანაშემწე", - აღნიშნავენ სამინისტროში. 

კომენტარები