დაპირისპირება სასამართლოსთან

ნადირაშვილი: ორი ყოფილი მერის დაპატიმრება მთავრობას არ მოუტანს კარგ შედეგს

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ქალაქის ორი ყოფილი მერის, გიგი უგულავას და კოტე გაბაშვილის დაპატიმრება ხელისუფლებას კარგ შედეგს არ მოუტანს. ნადირაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ვიდეომასალა წარუდგინა, სადაც "საზოგადოება ნახავს კონკრეტულ ადამიანებს, პოლიციის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც წუხელ, სასამართლოსთან სიტუაციის დაძაბვას, ესკალაციას ახდენდნენ".

"ასეთი ფორმით პოლიტიკური ოპონენტის განადგურება ვერ მოხდება. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და მივიყვანთ ამ ბრძოლას გამარჯვებამდე! ნარმანიას გასამარჯვებლად ქალაქის ორი ყოფილი მერის დაპატიმრება, მე მგონი, ნამდვილად არ იქნება კარგი შედეგი ამ ხელისუფლებისთვის", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა. პროცესის დასრულების შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას, რამდენიმე პირთან ერთად დააკავეს კოტე გაბაშვილიც.

დაკავებული თავისუფალი ზონის წევრების პროცესი სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ კი, ბეჟაშვილისა და გაბაშვილის პროცესი გაიმართება.

კომენტარები