დაპირისპირება სასამართლოსთან

ენმ: მოვითხოვთ გამოძიებას მათზე, ვინც უკანონო დაკავებებზე ბრძანებას გასცემდა

ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, დღეს პარტია მთავარი პროკურორის სახელზე წერილს შეიტანს და მოითხოვს იმ მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებას, ვინც 4 ივლისს სასამართლოს შენობასთან დაპირისპირებისას "უკანონო დაკავებებზე" ბრძანებას გასცემდა.

"დღეს ჩვენ შეგვაქვს საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე წერილი, რომლის მიხედვითაც, ვითხოვთ იმ მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების გახსნას, რომლებმაც გასცეს ბრძანება უკანონო დაკავების შესახებ. ჩვენ რიგითი პატრულის თანამშრომლების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია. ისინი საკმაოდ კორექტულად მოქმედებდნენ, თუმცა, ამას ვერ ვიტყვით იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებსაც განსაკუთრებული თავის გამოჩენა სურდათ ალბათ.

ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ქმედებაში არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი უკანონო ქმედებები - ეს არის განზრახ უკანონო დაკავება და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება. ამიტომ, სწორედ ამ მუხლებით საქმის აღძვრის მოთხოვნით შევდივართ დღეს მთავარი პროკურორის სახელზე", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს გიგი უგულავას სასამართლო პროცესის შემდეგ, სასამართლოს შენობასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, ასევე კოტე გაბაშვილი და თავისუფალი ზონის 7 წევრი დააკავეს. გაბაშვილსა და თავისუფალი ზონის წევრებს სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო ბეჟაშვილი გამართლდა.

კომენტარები