დაპირისპირება სასამართლოსთან

სასამართლო ბეჟაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დეპუტატ ლევან ბეჟაშვილისა და გოჩა დარჯანიას საქმის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მათთვის გაუგებარია.

"გაკვირვებული ვარ. საქმის მასალები რომ ნახოთ, არ არსებობს მასალა, არის მხოლოდ ორი ფარატინა ქაღალდი. რომ გითხრათ, რომ ამას დიდი შესწავლა და განხილვა სჭირდებოდა, მოვიტყუები. ცხადი იყო, რომ პატრულმა პროცესზე ვერანაირი მტკიცებულება ვარ წარმოადგინა. ცხადი იყო, რომ მოსამართლეს უარი უნდა ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ჯარიმის დაკისრებაზე, მაგრამ მოსამართლემ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო 7 ივლისისთვის გადადო გადაწყვეტილების გამოტანა, რაც რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც 4 ივლისს სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტისას დააკავეს და შემდგომ გაათავისუფლეს. ბეჟაშვილის განცხადებით, ის ხელწერილის საფუძველზე არ გაუთავისუფლებიათ.

"არანაირი ხელწერილის საფუძველზე არ მომხდარა ჩემი გათავისუფლება. სამსაათიანი უკანონო დაკავების ფაქტის შემდეგ დაადგინეს, რომ თურმე პარლამენტის წევრი ვყოფილვარ და თურმე პარლამენტარის დაკავების უფლება არ ჰქონდათ და ამის საფუძველზე გამომიშვეს", - აღნიშნავს ენმ-ის დეპუტატი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სასამართლოს შენობას პროკურორები ტოვებდნენ. შეხლა-შემოხლა პოლიციასა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის პოლიციის მიერ ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას მოჰყვა. კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით აიყვანეს. 5 ივლისის სასამართლო პროცესზე დაკავებულებს 100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს, თუმცა, მოსამართლემ გოჩა დარჯანიასა და ლევან ბეჟაშვილის საქმეებზე გადაწყვეტილება არ გამოიტანა და მისი გამოცხადება დღეისთვის გადადო.

კომენტარები