დაპირისპირება სასამართლოსთან

ბეჟაშვილი: 3-საათიანი დაკავების შემდეგ დაადგინეს, რომ პარლამენტარი ვყოფილვარ

პარლამენტის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, მისი გათავისუფლება ხელწერილის საფუძველზე არ მომხდარა. ბეჟაშვილი ამ დროისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება. მისი განცხადებით, ცოტა ხანში გაიმართება მისი სასამართლო პროცესი, სადაც ის აპირებს მტკიცებულებების წარდგენას, რომ ის უკანონოდ დააკავეს.

"არანაირი ხელწერილის საფუძველზე არ მომხდარა ჩემი გათავისუფლება. 3-საათიანი უკანონო დაკავების ფაქტის შემდეგ დაადგინეს, რომ თურმე პარლამენტის წევრი ვყოფილვარ და თურმე პარლამენტარის დაკავების უფლება არ ჰქონდათ. ამის საფუძველზე გამომიშვეს. დღეს სასამართლოს სხდომაზე წარვადგენთ მტკიცებულებებს, როგორც მოხდა უკანონო დაკავება არაადეკვატური ძალის გამოყენებით, უფლებების განმარტების გარეშე და, პრაქტიკულად, უსაფუძვლოდ. მოხდა მოვლენების ასეთი განვითარება, გვაქვს ვიდეოფირებიც, რომელთაც წარვუდგენთ სასამართლოს. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

გიგი უგულავას გუშინდელი პროცესის შემდეგ, სადაც მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სასამართლოს შენობასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. ჩხუბის დროს დააკავეს კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია. აღნიშნული პირების დაკავება მოხდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს. ინცინდენტისას დააკავეს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც შემდგომ გაათავისუფლეს.

კომენტარები