დაპირისპირება სასამართლოსთან

კალაძე: ხულიგნობა დეპუტატსაც არ ეპატიება

ვიცეპრემიერი კახა კალაძე დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ხულიგნობა არავის ეპატიება.

"ხულიგნობა, მოგეხსენებათ, არავის არ ეპატიება. მით უმეტეს, როდესაც დეპუტატი არის პიროვნება. მე მინდა, მოვუწოდო პოლიციას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, თანამდებობის პირი, უბრალოდ მოქალაქე. ჩვენ ვართ ყველა თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე, ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საქართველოს, თავისუფალ სახელმწიფოს, სადაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იქნება, იქნება ყველა ერთნაირად მოექცევა კანონის ჩარჩოში და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა.

ყველას კარგად მოგვეხსენება, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორი ძალადობა მიმდინარეობდა ხელისუფლების მიმართ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე. როგორი ძალადობა მიმდინარეობდა თქვენს კოლეგებზე, ჟურნალისტებზე. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. დამთავრდება და არავის ექნება საშუალება, იძალადოს საკუთარ მოქალაქეებზე და ქვეყნის მოსახლეობაზე", - თქვა კალაძემ.

გიგი უგულავას გუშინდელი პროცესის შემდეგ, სადაც მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სასამართლოს შენობასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. ჩხუბის დროს დააკავეს კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია. აღნიშნული პირების დაკავება მოხდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს. ინცინდენტისას დააკავეს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც შემდგომ გაათავისუფლეს.

კომენტარები