დაპირისპირება სასამართლოსთან

ნაციონალური მოძრაობა: დაპირისპირება სამოქალაქოფორმიანმა პირებმა გამოიწვიეს

"ეს არის ჭკუიდან გადამცდარი, ბოლომდე გაგიჟებული აწყვეტილი ხელისუფლება, რომელსაც სწორედ ამ მეთოდებით უნდა ოპოზიციის დაჩაგვრა და განადგურება და ზუსტად იმის პირიქით ეფექტს მიიღებენ, რასაც გეგმავენ“,  - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა  გიორგი გაბაშვილმა საქალაქო სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

მისი თქმით, „არც გიგი უგულავას დაკავება, არც მამაჩემის დაკავება, არც არცერთი ჩვენიანის დაკავება მათ არ მოუტანს სასურველ შედეგს, არც იმ ერთ შიზოფრენიკს ივანისვილს და არც მის ხელქვეით ბიჭ ჰაკიმ ფაშას, არაფერ სიკეთეს ეს არ მოუტანს მათ“.

გაბაშვილმა  „სიბრიყვე და სისულელე“ უწოდა 70 წლის კაცის (კონსტანტინე გაბაშილის) დაკავებას წვრილმანი ხულიგნობისთვის და პატრულისთვის  წინააღმდეგობის გაწევისთვის, რისთვისაც საფუძველი არ არსებობდა.  მისი აზრით, „ამ გავეშებულ გამგელებულ პოლიციელებს“ მის დაკავებაზე ბრძანება ჰქონდათ მიღებული. გაბაშვილმა ამ ფაქტს „პატარა კაცების შურისძიება“ უწოდა.

როგორც ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო  მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა,  დაპირისპირების პროვოცირება სასამართლოს შენობასთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მოახდინეს, რომლებიც „აგრესიულად, კრიმინალებივით იქცეოდნენ“ .

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, ყველაზე აგრესიულად ერთი ადამიანი იქცეოდა, „ვიღაც ტიპიური შევარდნაძის დროინდელი პოლიციელი, სამოქალაქო ფორმაში, ან მთვრალი ან ძალინ მაგარ კაიფში, უზრდელი აბსოლუტურად. რომელიც მეც პირდადად ძალიან გულდასმით მემუქრებოდა და ვეცდები, რომ ამ სიტყვების ფასი დავანახო რაც არის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მას გამოვააშკარავებთ აცულებლად, რომ ის პასუხს აგებს პირადად, იმიტომ, რომ მთელი ეს ამბავი იყო მისი ატეხილი“.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალების წარმოდგენას ნაციონალურ მოძრაობს 12 საათზე სპეციალურ ბრიფინგზე გეგმავს. 

კომენტარები