დაპირისპირება სასამართლოსთან

კოჟორიძე: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დეპუტატის დაკავება უკანონოა

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრის დაკავება დაუშვებელია - ამის შესახებ ტაბულასთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ საქალაქო სასამართლოსთან დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის დაკავების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ მხოლოდ ერთი გამონაკლისი არსებობს - თუ დეპუტატს დანაშულის ფაქტზე დააკავებენ. ამ შემთხვევაში სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ პარლამენტს თანხმობისთვის დეპუტატის დაპატიმრებაზე და თუ თანხმობას ვერ მიიღებენ, უნდა გაათავისუფლონ.

თუმცა, კოჟორიძის განმარტებით, ეს დასაშვებია მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის და არა ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში.

„რადგან მოხდა დეპუტატის დაკავება, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დეპუტატის დაკავების საფუძველი ვერ გახდება... თუ ლევან ბეჟაშვილი დააკავეს მაგალითად იმისთვის, რომ იგი იგინებოდა, გინება არ არის დანაშაული. ის შეიძლება კვალიფიცირდეს წვრილმან ხულიგნობად", - აღნიშნა კოჟორიძემ.

შესაბამისად, მისი თქმით, „თუ სამართალდამცავი ორგანოები იტყვიან, რომ ლევან ბეჟაშვილი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, მაშინ ეს უკანონო დაკავება იქნება".

როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა აცნობა, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, ასევე კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია დავით გოგოხია ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის დაკავებულები მოთავსებული არიან საპატრულო პოლიციის საგამოძიებო განყოფილებაში.

კომენტარები