სამომხმარებლო ბაზარი

ივნისში საკვები პროდუქტები გაიაფდა, თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი - გაძვირდა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქსტატმა 3 ივლისს ივნისის თვის ფასების დინამიკის ანგარიში გამოაქვეყნა. 2014 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში სამომხმარებლო კალათა თითქმის 1%-ით გაიაფდა. 

ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა 3,5%-ით, რაც ივნისის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -1.06%-ით აისახა.

აღსანიშნავია ფასების კლება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-22,5%) და რძე, ყველი და კვერცხი (-5,6%), რაც ფასთა სეზონურ ცვალებადობას უკავშირდება. ფასები ყველაზე მეტად გაზრდილია თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე, რაც ეროვნული ბანკის მიხედვით, განაპირობა თამბაქოზე აქციზის ზრდამ. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მაისის ანგარიშის მიხედვით კვლავ გაგრძელდება მატება ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიც არის ბენზინისა და დიზელის საწვავი, რასაც ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, და ნავთობკომპანიების წარმომადგენლები ერაყის კრიზისს უკავშირებენ. ამის საპირისპიროდ, გაზის საწვავი 3.9%-ით გაიაფდა. 

წინა წელთან შედარებით ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე -14.6%-ით და ზესთსა და ცხიმებზე -5.2%-ით.

კომენტარები