საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთი: ევროსასამართლოს კანონიერად მყოფი ქართველების გაძევება არ დაუდგენია

სტრასბურგის სასამართლოს არ დაუდგენია რუსეთიდან მის ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი საქართველოს მოქალაქეების გაძევების ფაქტები - ამის შესახებ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

განცხადებაში წერია, რომ სასამართლომ მხოლოდ უკანონო მიგრანტების დაკავების ცენტრებში ყოფნის პირობების დარღვევები გამოავლინა. ასევე, უწყების შეფასებით, არ არის დადგენილი რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების გაძევებისა ან მათი უფლებების სხვაგვარად შელახვის ფაქტები.

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარი თქვა ქართული მხარის პრეტენზიების განხილვაზე რუსეთის ხელისუფლების მიერ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას ნებისმიერ საფუძველზე. ასევე მე-18 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქეთა უფლებების შესაძლო შეზღუდვის ჩარჩოებს აწესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ამით დასრულდა შვიდწლიანი განხილვა სახელმწიფოთაშორის საჩივარზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" .

"ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა დარბაზმა ხმათა უმრავლესობით მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა:

  • მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება);
  • მეხუთე მუხლის მეოთხე პარაგრაფის დარღვევას (დაპატიმრებისას სასამართლოს უფლება);
  • მესამე მუხლის დარღვევას (არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა);
  • მეცამეტე მუხლის დარღვევას (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფსა და მესამე მუხლთან ერთად; და
  • ოცდამეთვრამეტე მუხლის დარღვევას (ყველა დაწესებულების გამართვა გამოძიების ეფექტური წარმართვისთვის).

კომენტარები