სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. გთავაზობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის თარგმანს, რომელიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეხება:
"ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა დარბაზმა ხმათა უმრავლესობით მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა:
- მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება);
- მეხუთე მუხლის მეოთხე პარაგრაფის დარღვევას (დაპატიმრებისას სასამართლოს უფლება);
- მესამე მუხლის დარღვევას (არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა);
- მეცამეტე მუხლის დარღვევას (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფსა და მესამე მუხლთან ერთად; და
- ოცდამეთვრამეტე მუხლის დარღვევას (ყველა დაწესებულების გამართვა გამოძიების ეფექტური წარმართვისთვის).
სასამართლომ არ დაადგინა მერვე მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების), მეშვიდე პროტოკოლის პირველი მუხლის (პროცედურული გარანტიები უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებასთან დაკავშირებით) და პირველი პროტოკოლის პირველი და მეორე მუხლების (საკუთრებისა და განათლების უფლება) დარღვევა.
მხარეთა მიერ წარდგენილი მასალების, 21 მოწმის მოსმენის და საერთაშორისო ორგანიზაციებს ანგარიშების განხილვის შემდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე, რუსეთის ხელისუფლება აწარმოებდა კოორდინირებულ პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებას და გაძევებას, და წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას.
ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სასამართლომ თავისი დასკვნა დააფუძნა მხარეთა დაკვირვებებზე, მათ მიერ წარდგენილ მრავალ დოკუმენტსა და მოწმეთა ჩვენებებზე. გათვალისწინებული იქნა ასევე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიშები.
ფაქტობრივი გარემოებები
აღნიშნული საქმე ეხებოდა რუსეში საქართველოს მრავალი მოქალაქის დაკავებას, დაპატიმრებასა და გაძევებას 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე პერიოდში.
საქართველოს მთავრობის თანახმად, ეს ზომები იყო შურისძიება, რომელიც მოყვა თბილისში 2006 წლის 27 სექტემბერს ოთხი რუსი ოფიცერის დაკავებას, რაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის კულმინაცია იყო.
საქართველოს მთავრობის განაცხადის თანახმად, ამ პერიოდის მანძილზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლებამ გაძევების 4 600 ბრძანება გამოსცა. მათ შორის 2 300-ზე მეტი პირი დააკავეს და ძალის გამოყენებით გააძევეს, დანარჩენებს კი საკუთარი სახსრებით მოუწიათ ქვეყნის დატოვება. საქართველოს მთავრობა აცხადებდა (maintained), რომ ციფრები საქართველოს მოქალაქეების გაძევების მონაცემებში მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებდა. ეს მონაცემები 2006 წლის ივლისისა და სექტემბრის თვეებში საშუალოდ 80-დან 100 ადამიანამდე იყო, 2006 წლის ოქტომბრისა და 2007 წლის იანვრის პერიოდში კი თვეში 700-დან 800 ადამიანამდე გაიზარდა.
საკუთარი მტკიცებების გასამყარებლად, რომლის მიხედვით ამ მონაცემის ზრდა იყო სპეციფიურად საქართველოს მოქალაქეებზე მიმართული პოლიტიკის შედეგი, საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა დოკუმენტები, რომლებიც გამოცემულია 2006 წლის ოქტომბრის დასაწყისსა და შუა რიცხვებში სანქტ პეტერბურგის შინაგან საქმეთა პოლიციის ორგანოების, ასევე რუსეთის ფედერაციის მიგრაციის სამსახურის მიერ. ეს დოკუმენტები, რომლებიც აისახა (referred) ორ ბრძანებაში, რომელიც გამოსცა სანქტ პეტერბურგის შინაგან საქმეთა სამმართველომ და რუსეთის შს სამინისტომ 2006 წლის სექტემბრის ბოლოს, უბრძანებდა ამ უწყებების თანამშრომლებს, მიეღოთ ფართო მასშტაბიანი ზომები, რათა გამოევლინათ მაქსიმალურად ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთში უკანონოდ ცხოვრობდა - იმ მიზნით, რომ ისინი დაეკავებინათ და დეპორტაცია მოეხდინათ.
საქართველოს მთავრობამ ასევე წარმოადგინა 2006 წლის ოქტომბერში სკოლებისთვის გაგზავნილი მოსკოვის ორი ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს ორი წერილი, მოთხოვნით, მომხდარიყო ქართველი მოსწავლეების იდენტიფიკაცია რათა, მათ შორის, „უზრუნველეყოთ საჯარო წესრიგი და კანონის პატივისცემა, მოეხდინათ ტერორისტული აქტების და მოსკოვის მაცხოვრებელ და საქართველოს მოქალაქე ბავშვებს შორის დაძაბულობის პრევენცია.
რუსეთის მთავრობამ იდავა საქართველოს მთავრობის ბრალდების წინააღმდეგ. მათ განაცხადეს, რომ არ მიუღიათ არანაირი შურისძიებითი ზომა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ უბრალოდ აგრძელებდნენ არალეგალური იმიგრაციის თავიდან აცილებისთვის საჭირო ზომების მიღებას. რაც შეეხება გაძევებათა რაოდენობას, მათ განაცხადეს, რომ არ გადაუცილებიათ წლიური ან ნახევარ წლიური სტატისტიკისთვის. მათივე თქმით, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მიმართ გაიცა 4000-მდე ადმინისტრაციული გაძევების ბრძანება, 2006 წლის პირველი ოქტომბრიდან 2007 წლის პირველ აპრილამდე კი 2800 ბრძანება. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი გაყალბებული იყო. რუსეთის მთავრობამ დაადასტურა სანქტ პეტერბურგის შინაგან საქმეთა სამმართველოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ბრძანების არსებობა, თუმცა მათი შინაარსის შესახებ არაფერი განაცხადა. რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ბრძანებები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე ვერ იქნებოდა წარდგენილი, რადგან ისინი “სახელმწიფო საიდუმლოებად” იყო კლასიფიცირებული. რუსეთის მთავრობას არ უუარყვია, რომ რეგიონულმა ხელისუფლებამ დააგზავნა წერილები მოსკოვის სკოლებში და სხვა რეგიონებში ქართველი მოსწავლეების იდენტიფიცირების მიზნით, მაგრამ უარყო რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანების საფუძველზე მოხდა; საპირისპიროდ, მათ განაცხადეს, რომ წერილები თვითნება მოხელეების მიერ იქნა დაგზავნილი და ისინი ამისათვის დაისაჯნენ.
სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა - მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, Human Rights Watch-მა და ადამინის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ - წარადგინეს ანგარიშები, 2007 წელს, საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გამოძევაბასთან დაკავშირებით. ანგარიშებში მათ ხაზი გაუსვეს ადმინისტრაციულ და სასამართლო ხელისუფლებას შორის კოორდინირებულ მოქმედებას, რომელსაც ისინი სანქტ პეტერბურგის შინაგან საქმეთა სამმართველოს ერთი და იმავე დოკუმენტების საფუძველზე აკეთებდნენ, რაც ასევე განაცხადა საქართველოს მთავრობამ.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში, 2011 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლამდე მოხდა მოწმეთა ჩვენებების მოსმენა, რომლის ფარგლებშიც ჩვენება მისცა 21-მა მოწმემ - მათ შორის 9 საქართველოს მხარის მიერ წარდგენილმა, 10 რუსეთის მთავრობის მიერ, 2 კი სასამართლოს მიერ არჩეულმა.
ქართველი მოწმეების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს აკავებდნენ მათი პირადობის მოწმობის შემოწმების შემდეგ ქუჩებში, ბაზარში, მათ სამუშაო ადგილებსა და სახლებში. რამდენიმე მოწმემ განაცხადა, რომ მათ იკითხეს დაკავების მიზეზი, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ მათ აკავებდნენ, რადგან ქართველები იყვნენ და ზემოდან ბრძანება იყო, რომ ქართველი მოქალაქეები გაეძევებინათ.
პოლიციაში რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის ყოფნის შემდეგ, ისინი ჯგუფებად ავტობუსით გადაიყვანეს სასამართლოში, რომელმაც ჯამურად დააკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა და მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიიდან მათი ადმინისტრაციული გაძევების შესახებ. სასამართლო პროცედურა დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა და არ მომხდარა ფაქტების რეალური შემოწმება, მოპასუხეები არ ყოფილან წარმოდგენილი ადვოკატის მიერ. მოსამართლეებმაც და პოლიციის ოფიცრებმაც ურჩიეს მათ არ გაესაჩივრებინათ გადაწყვეტილება და უთრეს, რომ არსებობდა საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევების ბრძანება. მათ გაატარეს ორი დღიდან ორ კვირამდე დაკავების ცენტრებში უცხოელებისთვის, გადატვირთულ საკნებში - რის გამოც უწევდათ რიგრიგობით დაძინება და სათლის, რომელსაც ტუალეტის ფუნქცია ჰქონდა, რიგრიგობით გამოყენება - სანამ მათ გადაიყვანდნენ მოსკოვის სხვადასხვა აეროპორტებში, საიდანაც ისინი გადაიყვანეს საქართველოში.
რუსეთის მხარის მოწმეებმა, ფედერალური მიგრაციის სამსახურისა და მოსკოვის პროკურატურის თანამშრომლებმა, განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაესაჩივრებინათ სასამართლოს გადაწყვეტილება და არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ბრძანება. რუსმა მოწმეებმა ასევე უარყვეს, რომ დაკავების ცენტრებში პირობები არაადეკვატური იყო.
თავიანთ ანგარიშებში, PACE-ის მონიტორინგის კომიტეტი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებებს, სასამართლო პროცედურებს, დაკავების და საქართველოს მოქალაქეების გაძევების პირობებს აღწერენ ქართველი მოწმეების მსგავსად და აცხადებენ, რომ დაკავებისას გარდაიცვალა საქართველოს ოთხი მოქალაქე" - წერია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.