კრიზისი უკრაინაში

უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის  საგარეო საქმეთა მინისტრები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების განახლებაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებები ეუთოს მონაწილეობით უახლოესი ორი დღის განმავლობაში უნდა დაიწყოს.  დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ უკრაინამ რუსეთთან  საზღვარზე სრული კონტროლი უნდა აღადგინოს, რუსეთი კი თანახმაა, უკრაინელი მესაზღვრეები და ეუთოს დამკვირვებლები საკუთარ სასაზღვრო პუნქტებზე დაუშვას.

"ვფიქრობ, ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევძელით შეთანხმება რიგ ზომებზე, რომლებმაც  შესაძლოა ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტისკენ მიგვიყვანოს" - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. 

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ვაპირებთ ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტას მივაღწიოთ, ამისთვის მზად ვართ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრები აღვადგინოთ. ჩვენ მოვითხოვთ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მხარს ვუჭერთ ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტას და საზღვარზე ეუთოს მონიტორინგის დაწყებას" - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი.

ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, "ყველაზე მთავარია მდგრად და სტაბილურ ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ.  სასწრაფოდ ავამოქმედოთ საკონტაქტო ჯგუფი,  იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში შევხვდებით".

უკრაინის აღმოსავლეთში კი სამთავრობო ძალები წინსვლას განაგრძობენ. დონეცკის ოლქში სამხედროებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და ტერორისტების ობიექტები გაანადგურეს. შეტაკებები რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივაც მიმდინარეობს. უკრაინელმა სამხედროებმა მძიმე ბრძოლების შედეგად რამდენიმე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე კონტროლი აღადგინეს. ხელისუფლების ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცის დაწყებიდან 200-მდე უკრაინელი ძალოვანი და 160-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.  

კომენტარები