ასოცირების შეთანხმება

ვაშაძე: არ უნდა დავამკვიდროთ პრეცენდენტი რომ მოსკოვს ვთხოვდეთ ნებართვას

საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "პოზიცია" განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები, რომ რუსეთმა თავისი დანაპირებები შეასრულა, ქვეყნის სუვერენიტეტის შეკვეცაა. მისი თქმით, ეს გულისხმობს რომ ჩვენ კარასინისგან უნდა მივიღოთ ნებართვა თუ რა შეთანხმებას უნდა მოვაწეროთ ხელი. 

"როდესაც ქვეყნის პრემიერ–მინისტრი სატელევიზიო პროგრამაში გამოდის და ამბობს, რომ რუსებმა თავისი დაპირება შეასრულეს და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაში ხელი არ შეუშალეს, არც მას და არც მის მრჩევლებს ესმით, რომ ეს ქვეყნის სუვერენიტეტის შეკვეცაა. გამოდის, რომ ჩვენ სანამ ნებართვას არ მივიღებთ კარასინისგან, შეთანხმებას ან რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტს ხელს ვერ მოვაწერთ. როდესაც ამხანაგი ღარიბაშვილი ამისთანა განცხადებებს აკეთებს, მას უნდა ახსოვდეს, რომ ამ განცხადებებს ისმენენ საქართველოში, მოსკოვში და ბრიუსელში. ნუ ამკვიდრებთ ამ უაზრო პრეცედენტს, როდესაც ჩვენ მოსკოვს ვთხოვთ ნებართვას იმაზე, რომ რომელიმე საერთაშორისო დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ, მაშინ გამოდის, რომ მათთან უნდა შევათანხმოთ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაპირებთ, დაწყებული, დავუშვათ, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ქარტიით. მინდა, კიდევ ერთი რამ დავამატო: საქართველოს მოქალაქეებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ, ვისი დამსახურებაა, საქართველოს მოქალაქეები ქირაობენ მთავრობას, რომელმაც საქმე უნდა გააკეთოს. ხელი მოეწერა შეანხმებას? შესანიშნავია და ისტორია გაერკვევა, ვის რა დამსახურება აქვს. ხელმოწერის შემდეგ იწყება ძალიან სერიოული ეტაპი და ჩვენ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ რაა გასაკეთებელი", - განაცხადა ვაშაძემ. 

კომენტარები