რუსული ოკუპაცია

ალასანია: დე ფაქტო რეფერენდუმს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და არც საქართველოსთვის. ალასანიამ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, მარიონეტული მთავრობა რუსეთთან შეერთების საკითხს რეფერენდუმზე დააყენებს.

"დე ფაქტო ცხინვალის რეგიონში, მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებს, რეფერენდუმს, პლებისციტს, არ ექნება არანაირი მნიშვნელობა არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, არც ჩვენთვის, იმიტომ, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ გამოდევნილი ქართული მოსახლეობა და არამარტო ქართული, არ იღებს მონაწილეობას ამ დადგმულ სპექტაკლში. აქედან გამომდინარე, მსოფლიოსთვის და ჩვენთვის არანაირი სამართლებრივი შედეგების მატარებელი არ იქნება. ამიტომ ნებისმიერი ინსინუაცია და სერიოზული განცხადების გაკეთება ამ კუთხით არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად. ერთი, რაც აღნიშვნის ღირსია, ეს უკვე გამოკვეთილი გეგმაა გარკვეული ძალების რუსეთის ფედერაციაში, რომ კიდევ უფრო მეტი ზემოქმედება მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე. როგორც ვხედავთ, ამას იტაცებს ხშირად ქართული საზოგადოების შიგნით სოკოებივით ამოსული პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის გეგმა, რომელიც დაისახა უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში გარკვეული პერიოდის წინ და იმ გეგმის მიხედვით ვითარდება მოვლენები, ამიტომ არ უნდა ავყვეთ, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ამას სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვექცეთ ჩვენი მოწინააღდეგეების გეგმის ნაწილად", - განაცხადა ალასანიამ. 

როგორც ანატოლი ბიბილოვმა სააგენტო იტარ-ტასთან ინტერვიუში განაცხადა, "ჩვენ უარს არ ვამბობთ ძველ ლოზუნგებზე, ამ საკითხის მიმართ არანაირი ორმაგი მიდგომა არ იქნება. საკითხს რეფერენდუმზე გავიტანთ, მაგრამ ამით უკვე მთლიანად ფორმირებული, კონსოლიდირებული, მუშა პარლამენტი უნდა დაკავდეს".  

ბიბილოვის განცხადება ცხინვალში ვლადიმირ პუტინის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის ყოფნას დაემთხვა. თუმცა, რუსული სააგენტო რია ნოვოსტის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთთან რუსეთთან შეერთების საკითხი მისი ვიზიტის დროს არ განხილულა.

კომენტარები