შსს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ, რუსთავი 2-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას კლასიფიკაციის მიხედვით აქამდე იმიტომ არ აქვეყნებდა, რომ დანერგა მონაცემთა შეგროვების ახალი, "რევოლუციური" მეთოდი, რომელიც სრული ობიექტურობით ასახავს სურათს - მისი თქმით, ამ მონაცემების შედარება წინა ხელისუფლების ძველ მეთოდთან, რომელიც მისი აზრით "სიზუსტით არ გამოირჩეოდა" - სწორი არ იქნებოდა.
"ეს მონაცემები, 2004 წლიდან 2011 წლამდე მონაცემები, მათ შორის 2012 წლისაც, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არ გამოირჩევა სიზუსტით, სისრულითა და ობიექტურობით. ეს ყველაფერი მოდიოდა შსს-ში ინფორმაციის სახით, 2012 წლის ჩათვლით ე.წ. სააღრიცხვო ფურცლით და რომლის მანიპულირება და შეცვლა ყველას შეეძლო. ახლა ჩვენ გთავაზობთ სრულიად ახალი ფურცლიდან ვიწყებთ და ობიექტურობის, სიზუსტისა და სანდოობის მაღალი ხარისხიდან გამოირჩევა. ეს არ გაუკეთებია წინა ხელისუფლებას, საპილოტედ ჰქონდათ ამის ვერსია, მაგრამ საბოლოოდ არ დაუდიათ...
2013 წლის აპრილიდან ვაკეთებთ სრულიად სხვანაირ სტატისტიკას. დღეს როგორ ივსება სტატისტიკა? საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაცის დამალვა და გაყალბებები ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად როგორც კი საპროცესო მოქმედებებს იწყებს გამომძიებელი, მაშინვე ავტომატურ რეჟიმში ის რეგისტრირდება ცენტრალურ ელექტრონულ სისტემაში და ავტომატურ რეჟიმში აღირიცხება, იქ მანიპულირება და შეცვლის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი", - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.
იზორიას თქმით, მონაცემების გამოქვეყნებას ისინი მომავალ თვეს გეგმავდნენ, რადგან არ სურდათ არჩევნებამდე მისი გამოქვეყნება.
"ჩვენ გვეგმავდი ივლისში ნახევარი წლის შედეგების გამოქვეყნებას და არა ივნისში და როგორც კი პრემიერთან დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დაისვა ამის შესახებ კითხვა, გაჩნდა მოთხოვნა, რომ გამოქვეყნებულიყო პირველი 5 თვის მონაცემები. ჩვენ არ გვინდოდა არჩევნებამდე გამოქვეყნებული, რადგან არ გვინდოდა მოსახლეობას გაეგო, რომ საარჩევნო კამპანიას უკავშირდება, როგორც კი 15 ივნისი ჩამთავრდა, არჩევნების მეორე კვირასვე გამოვაქვეყნეთ და ვამბოთ, რომ ეს არის რევოლუციური ნაბიჯი, რომელიც სრული ობიექტურობით ასახავს სურათს. ობიექტურობა კი არის კარგი - ყველა მიმართულებით არის კრიმინოგენული მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია და ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ამას", - განაცხადა ლევან იზორიამ.
დანაშაულის სტატისტიკა