დანაშაულის სტატისტიკა

შსს: გასულ წელთან შედარებით, დანაშაულმა 9.86%-ით იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის 5 თვის დანაშაულის დეტალურ სტატისტიკას აქვეყნებს. იანვარ-მაისის პერიოდში, შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 11912 დანაშაული, აქედან 7932 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 66,59%. შსს-ს განცხადებით, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულმა 9.86%-ით იკლო. სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს რეგისტრირებული იყო 13 215 დანაშაული.  

სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის ხუთი თვის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედადებით, გაიზარდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევები 49 ერთეულით, დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ 282 ერთეულით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - 62 ერთეულით, ხოლო ნარკოტიკული დანაშაული - 763 ერთეულით. კერძოდ, თუ 2013 წლის იანვარ-მაისში ნარკოდანაშაულის 1704 ფაქტი დაფიქსირდა, 2014 წლის ხუთ თვეში სამართალდამცავებმა ანალოგიური დანაშაულის 2 467 შემთხვევა აღრიცხეს.

თუმცა, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, შემცირდა მკვლელობის მცდელობა 22 ერთეულით, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ მდგომარეობაში - ექვსი ერთეულით, თვითმკვლელობამდე მიყვანა - 62 ერთეულით. ამასთან, 2013 და 2014 წლის იანვარ-მაისში განზრახ მკვლელობის ერთი და იგივე რაოდენობა დაფიქსირდა (38 შემთხვევა).  

ასევე, სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1757 ერთეულით შემცირდა დანაშული საკუთრების წინააღმდეგ (მათ შორის, ბინის გაქურდვა და ძარცვა), საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულმა კი, შსს-ს ინფორმაციით, 53 შემთხვევით იკლო.

კომენტარები