კრიზისი უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სამშვიდობო ინიციატივა წარმოადგინა

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სამშვიდობო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის დერეფნის მოწყობას, ამნისტიას და საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს. პეტრო პოროშენკოს თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც უკრაინული ძალები საზღვრის მთელ პერიმეტრზე კონტროლს აღადგენენ.

"მინდა ვთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დროის მხოლოდ შეზღუდულ მონაკვეთში იმოქმედებს, ხანგრძლივი მოლაპარაკების გამართვა უპასუხისმგებლობა იქნებოდა. მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის ჩვენ არ გვჭირდება. მათ, ვინც იარაღს დაყრის, ამნისტია შეეხებათ, თუ მათ მძიმე დანაშაული არ ექნებათ ჩადენილი. ერთადერთი, რაც ხელს გვიშლის, საზღვრის საკითხია. ცეცხლის შეწყვეტა მაშინვე გამოცხადდება, როგორც კი საზღვარზე კონტროლს აღვადგენთ" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

უკრაინული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრის მიდამოებში წინსვლას განაგრძობენ. პრეზიდენტის განცხადებით, კონტროლი საზღვრის 250 კილომეტრზეა აღდგენილი და ამ კვირის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება.

უკრაინული სამხედრო ძალები ლუგანსკის გარეუბნებს მიუახლოვდნენ. გასულ ღამეს ძალოვნებმა 30-მდე ტერორისტი გაანადგურეს. კიევი რუსეთთან საზღვრის გამაგრებას გეგმავს.

"მთავრობამ მიიღო ბრძანება, ცალმხრივად დაიწყოს საზღვრის დემარკაცია რუსეთთან. ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, იქ ბარიერები უნდა დაიდგას" - აცხადებს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ანდრი პარუბი.

კომენტარები