გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობა მასწავლებელთა განწყობებში

არასამთავრობო ორგანიზაცია ტრენინგებისა და კვლევის ჯგუფმა, ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ჩაატარა მასწავლებელთა ცოდნის და დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის შესახებ.

კვლევაში მონაწილეობდა თბილისის სხვადასხვა სკოლის 50 მასწავლებელი. მათი აზრი გენდერული თანასწორობის შესახებ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი არა მარტო საგნებს ასწავლიან მოსწავლეებს, არამედ ბავშვების განვითარებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაშიც დიდ როლს ასრულებენ.

პირველ რიგში, კვლევისას გამოვლინდა, რომ მასწავლებლებს არ აქვთ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის შესახებ. ასევე, განათლების სისტემის მარეგულირებელი დოკუმენტები არ შეიცავს ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

რესპონდენტთა შეხედულებები გენდერულ როლებსა და თანასწორობაზე ძირითადად ტრადიციულია და აღიარებს მამაკაცის დომინანტობას ოჯახსა და კარიერაში. ასევე, მასწავლებლები ქალის მოვალეობად ბავშვების მოვლასა და ოჯახის საქმეებს თვლიან, ხოლო მამაკაცისას – ოჯახის მმართველობასა და ფინანსურ მხარდაჭერას, რადგან „თუ კაცი არ მუშაობს, ეს დამამცირებელია". რესპონდენტებმა თქვეს, რომ კაცის როლს არ ამცირებს ბავშვის სკოლაში ტარება ან სადმე წაყვანა, თუმცა გამოითქვა ასეთი აზრიც: „არიან მამები, რომლებსაც დაჰყავთ ბავშვები სკოლაში, ეს არ ჩანს ცუდად, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა, რომ დედას რატომ არ დაჰყავს...? ხმამაღლა შეიძლება არ დაისვას ეს საკითხი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ყველა დაინტერესდება". მასწავლებელთა აზრით, ოჯახის მარჩენალი ქალი არის „მძიმე ფაქტი" და „საზოგადოების მანკიერება", თუ იქნება შესაძლებლობა, უმჯობესია, ქალმა საერთოდ არ იმუშაოს ან ნაკლები დრო გაატაროს სამსახურში.
რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, გენდერული თანასწორობა იცავს ქალს სხვადასხვა სახის ძალადობისგან და აძლევს საზოგადოებაში თანამონაწილეობის საშუალებას, თუმცა ჩნდება საფრთხე, რომ ქალი ზედმეტად თავისუფალი გახდეს და დაემსგავსოს კაცს, ამიტომ ამ თემის ხმამაღალი პროპაგანდა შესაძლოა საფრთხის მომტანი იყოს. სწორედ ამიტომ, მასწავლებელთა ნაწილი თვლის, რომ მოსწავლეებთან საუბრისას ქალის ტრადიციულ როლზე არ შეიძლება უარყოფითი შეხედულებების ინიცირება, რადგან მათში შესაძლოა „უზნეობა" წახალისდეს.

მასწავლებლებმა ასევე ისაუბრეს ქალის განათლების შესახებ. მათი აზრით, ქალისთვის განათლება არ არის მნიშვნელოვანი, რადგან გათხოვდება და „ამით გადაირჩენს თავს", კაცისთვის კი პრიორიტეტულია სწავლა, რადგან სწორედ მან უნდა არჩინოს ოჯახი. ერთ-ერთმა მასწავლებელმა კი განაცხადა: „ტექნიკურ საგნებში კაცები უფრო ძლიერები არიან... კი არიან მეცნიერები ქალები, მაგრამ ცოტა და დამოკიდებულია ზუსტად იმ ტვინის სფეროზე... კაცები წარმატებულები არიან ტვინიდან". რესპონდენტებთან საუბრისას აღინიშნა, რომ ქალები, რომლებიც სწავლობენ, ოჯახის შექმნაზე აღარ ფიქრობენ. მასწავლებლები არ განიხილავენ ქალის განათლებას, როგორც რეალიზაციას ან დასაქმების პერსპექტივას, არამედ, როგორც ზნეობრიობისა და პატიოსნების ნიშანს.

მასწავლებლებთან საუბრისას ასევე გამოითქვა ორი ფრაზა, რომელიც მეტყველებს მასწავლებლების დამოკიდებულებაზე ქალის განათლების მიმართ:

„მე, როგორც დამრიგებელს, მითქვამს კლასში: ის რომ გოგოა და არ სწავლობს, ბოლო-ბოლო გათხოვდება და შენ ბიჭი რომ ხარ, წინსვლა ხომ გინდა-მეთქი".

„ქალისთვის მთავარი შვილია, უშვილო ქალი... მიტოვებულ, ჩამოქცეულ სახლს ჰგავს..."

კვლევისას გამოვლინდა მასწავლებლების უმრავლესობის უარყოფითი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ. ასევე, არ აქვთ მექანიზმები, რათა ლგბტ მოსწავლეების დაჩაგვრა აღმოფხვრან. მათი მოსაზრებები უფრო ტრადიციულია და არ არის დამყარებული ინოვაციურ მიდგომებზე, როგორიცაა: თანამშრომლობითი სწავლება, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა. პედაგოგთა უმრავლესობა კვლევისას ამბობდა, რომ არსებობს კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალობა არის დაავადება და განკურნება შეიძლება. თუმცა ისინი ვერ ახერხებდნენ წყაროს დასახელებას.

კვლევას თან ერთვის რეკომენდაციები. პირველ რიგში, აუცილებელია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება სამთავრობო სექტორთან აღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და დაძლევის სტრატეგიის შესახებ. არასამთავრობო სექტორის როლი უნდა გაძლიერდეს განათლების საკითხებში. ასევე, აუცილებელია, განათლების მარეგულირებელ დოკუმენტებში გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ ჩანაწერი დაემატოს და, რა თქმა უნდა, მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობა.

კომენტარები