გენდერული თანასწორობა

მსოფლიო ბანკის ანგარიში - გენდერული თანასწორობა სრულად მხოლოდ 6 ქვეყანაშია უზრუნველყოფილი

thestateofwomen.com

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოში გენდერული თანასწორობა სრულად მხოლოდ 6 ქვეყანაშია უზრუნველყოფილი.

"ქალები, ბიზნესი და კანონი 2019" ანგარიშში წერია, რომ მაქსიმალური 100 ქულა მხოლოდ ბელგიამ, დანიამ, საფრანგეთმა, ლატვიამ, ლუქსემბურგმა და შვედეთმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 10 წლის წინ მაქსიმალური ქულა ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მიიღო.

გლობალური საშუალო მაჩვენებელი 74.71-ია. 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით ეს 4.5 ქულიანი ზრდაა.

საქართველომ 79.38 ქულა მიიღო. მსგავსი ქულა აქვთ იაპონიას, პანამას და თურქეთს. რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სომხეთს აქვს (83.13), ხოლო ყველაზე დაბალი რუსეთს (73.13). აზერბაიჯანმა 78.75 ქულა მიიღო.

ყველაზე დაბალი ქულა საუდის არაბეთმა მიიღო (25.63).

ანგარიშში აღწერილია რამდენად არის ქვეყნებში ეკონომიკური და ლეგალური კუთხით გენდერებს შორის თანასწორობა გარანტირებული, თუმცა არ ზომავს რამდენად ეფექტურად ხდება არსებული კანონების სისრულეში მოყვანა. კვლევა არც სოციალურ და კულტურულ ფაქტორებს ზომავს.

კრიტერიუმები ითვალისწინებს გადაადგილების, სამსახურის დაწყების, ანაზღაურების, ქორწინების, შვილების ყოლის, ბიზნესის ფლობის, ქონების განკარგვის და პენსიის მიღების საშუალებას.


ფოტო: World Bank

"გენდერული თანასწორობა ეკონომიკური ზრდისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ქალები მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი არიან და ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს სათამაშო მსოფლიოს აყვავებაში. მაგრამ, ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას, თუ კანონები შეგვაფერხებს." თქვა მსოფლიო ბანკის დროებითმა პრეზიდენტმა კრისტალინა გეორგიევამ.

კომენტარები