პრემიერი: უფლება არ გვაქვს, არ დავემორჩილოთ მარნეულელების არჩევანს

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის 15 ივნისის არჩევნებზე გამოჩნდა, რომ ხალხი ენდობა ღირსეულ კანდიდატებს და მეორე პლანზე გადაიწია პარტიულმა კუთვნილებამ. როგორც პრემიერმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე თქვა, "ჩვენ პატივი ვეცით ხალხის არჩევანს და მათ მივეცით სრული თავისუფლება, რომ თვითონ გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა მათი ქალაქის, რაიონის თუ სოფლის მმართველები". ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საინტერესო მაგალითი მოხდა მარნეულის ოლქში.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვურჩიეთ ჩვენს კანდიდატს, მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა რეგისტრაციიდან, ვადების გასვლის გამო, ფიზიკურად ვერ მოხდა ამ კანდიდატის მოხსნა. მოხდა ისე, რომ მარნეულის მოსახლეობამ გადაწყვიტა და ხმა მისცა ქართული ოცნების კანდიდატს. შესაბამისად, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ არ დავემორჩილოთ და პატივი არ ვცეთ ხალხის არჩევანს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერის თქმით, ხალხმა კანდიდატებს მისცა ხმა და არა პარტიებს.

"ამის ნათელი მაგალითია ის, თუ რა მოხდა რამდენიმე ოლქში. იყო შემთხვევები, სადაც იმის გამო, რომ ძლიერი კანდიდატები ჰყავდათ შერჩეული სხვა ოპოზიციურ პარტიებს და არამხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, რამდენიმე ოლქში მეორე ადგილი დაიკავეს სწორედ სხვა ოპოზიციურმა ძალებმა. ეს არის ძალიან საინტერესო პრეცედენტი და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხალხმა ხმა მისცა მათთვის სასურველ კანდიდატს", - განაცხადა პრემიერმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12:00-ის მონაცემებით, მარნეულის თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი ლიდერობს. მას ამომრჩევლის 52.48%-მა დაუჭირა მხარი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა კი, ხმათა 31.75% დააგროვა.ამ დროისთვის, მარნეულის ოლქში, 86 უბნიდან 79 საარჩევნო უბანია დათვლილი.

ამასთან, ცესკოს პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის განმარტებით, მერაბ თოფჩიშვილს, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა, გამგებლად დარჩენა შეუძლია. აზარაშვილის თქმით, კანდიდატის გადაწყვეტილება საარჩევნო ბიულეტენის ჩამონათვალზე არ ასახულა და შესაბამისად, საარჩევნო კომისიამ თოფჩიშვილისთვის მიცემული ხმების რაოდენობაც ისევე დათვალა, როგორც სხვა კანდიდატების.

“როდესაც სუბიექტის მხრიდან კანდიდატურის მოხსნაზე იყო საუბარი, ჩვენ მაშინ განვაცხადეთ, რომ ეს გავლენას ვერ მოახდენდა საარჩევნო ბიულეტენის ჩამონათვალზე და საარჩევნო კომისია არჩევნების შემდეგ დაითვლიდა მის ხმებს, როგორც სხვა კანდიდატების შემთხვევაში. სწორედ ასე მოხდა. წინასწარი შედეგები ცნობილია, თუმცა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგების გამოცხადებას და ამის შემდეგ გვეცოდინება, რომელმა კანდიდატმა სად გაიმარჯვა. ვისაც ოფიციალური შედეგების მიხედვით ექნება 50 %+1 ხმა ის ჩაითვლება გამარჯვებულად. ამ შემთხვევაში, თავად კანდიდატის გადასაწყვეტია, რას მოიმოქმედებს”, - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

თავადა კოალიცია ქართული ოცნების მარნეულის გამგებლობის კანდიდატის მერაბ თოფჩიშვილის თქმით, მარნეულის მოსახლეობამ არჩევანი არა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, არამედ გაკეთებული საქმიდან გამომდინარე გააკეთა. თოფჩიშვილის თქმით, მას მარნეულის მოსახლეობის იმედი ჰქონდა და დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდა. მისივე თქმით, "მრავალრიცხოვან და მრავალეროვან ამომრჩეველს იმედებს ვერ გაუცრუებს და გამგებლის თანამდებობას დაიკავებს".

კომენტარები