ქართული ოცნება: ზოგიერთ ოპონენტს აქვს სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სურვილი

კოალიცია ქართული ოცნების განცხადებით, "ზოგიერთ ოპონენტს აქვს სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სურვილი". კოალიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სახელით, საარჩევნო ადმინისტრაციას წევრებს მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები მივიდათ.

"ხშირ შემთხვევაში, ოპონენტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციასაც, მათ შორის, კოალიციის ლიდერებსა და მათ ახლობლებზე საარჩევნო ტემპერატურის აწევისა და ამომრჩევლისა და დამკვირვებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით. არჩევნებს აკვირდება 50-ზე მეტი ადგილობრივი და 30-ზე მეტი უცხოური ორგანიზაცია. ასევე, არჩევნებს თვალს ადევნებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შესაბამისად, ოპონენტთა მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, აზრს მოკლებულია" - აცხადებს ქართული ოცნება და აღნიშნავს, რომ არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

კოალიცია დარწმუნებულია, რომ მარტვილისა და ანაკლიის ინციდენტებზე ყველა შესაბამისი უწყება ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს და საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. ქართული ოცნება აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალურია, თუმცა მოუწოდებენ ამომრჩეველს, "მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ და ქვეყნის მომავალს, მივიდნენ საარჩევნო უბანზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი". 

კომენტარები