TI: ყველაზე მეტი დარღვევა ზუგდიდის და მარტვილის საარჩევნო ოლქებში გამოვლინდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ 6 მცირე და 11 "შედარებით სერიოზული დარღვევა" დააფიქსირა. TI-ს დამკვირვებლებმა ხუთი საჩივარი დაწერეს. ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე მეტი დარღვევა ზუგდიდის და მარტვილის საარჩევნო ოლქებში გამოვლინდა.

TI-ს ცნობით, სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

"ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #32 უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა, უბანზე უცხო პირების მხრიდან ძალადობის შედეგად; მარტვილის საარჩევნო ოლქის #20 უბანზე ხანგრძლივი დროის მანძილზე ამომრჩევლები მარკირების შემოწმების გარეშე აძლევდნენ ხმას, რადგანაც მარკირების შესამოწმებელი ფარანი გაფუჭდა; ოთხ უბანზე (ზუგდიდი საარჩევნო ოლქის #26 და #64, ასევე, მარტვილის საარჩევნო ოლქის #11 და #27 უბნები) ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც კანონით მხოლოდ 1 წარმომადგენელს შეუძლია უბანზე ყოფნა; ისნის საარჩევნო ოლქის #14 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში მყოფ 14 ადამიანიდან 10 ადამიანის შესახებ არასწორი მონაცემები იყო შეტანილი და ხმის მიცემა ვერ შეძლეს. ყუთის დაბრუნების შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიამ, საოლქო კომისიასთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება გადასატანი ყუთით კენჭისყრის ხელახლა ჩატარების შესახებ გასწორებული მონაცემებით; დიდუბის ოლქის #31 უბანზე 7-დან 8 საათამდე ჩასატარებელი პროცედურები 7 საათამდე უკვე დასრულებული იყო; ხონის საარჩევნო ოლქის #1 და #4 უბნებზე არ იყო გამოკრული" - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და იქვე აღნიშნავს, რომ მთლიანობაში, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

"თბილისში ჩვენ მიერ მოცულ ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცესი დროულად დაიწყო, რაც, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, დადებითად უნდა შეფასდეს" - აცხადებს TI და მიესალმება შსს-ს მიერ მარტვილის საარჩევნო ოლქის #16 უბნიდან საარჩევნო ბიულეტენების გატაცების, ასევე, ფონიჭალაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე ძალადობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 450 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს.

კომენტარები