საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი 07:00-ზე გაიხსნა, ხოლო ხმის მიცემის პროცედურა 08:00-ზე დაიწყო.
დღევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ამომრჩეველი 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევს.
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" რეფორმირების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მერებს პირდაპირი წესით აირჩევენ 12 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.
ასევე პირდაპირი წესით, 59 თვითმმართველი თემის გამგებლებს აირჩევენ. მერისა და გამგებლის პოსტს ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.
ცესკო-ს მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში 3 617 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 429 748-ს შეადგენს.
ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე სრულდება.





