თბილისი

მერიის ინიციატივით ილუსტრირებული წიგნი ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე გამოიცა

ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინიციატივით ილუსტრირებული წიგნი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" გამოიცა. მასში ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მერიის მიერ ქალაქის ძველ უბნებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია აღწერილი. თბილისის მერის მოადგილის და წიგნის ავტორის, დავით ნინიძის თქმით, სახელმწიფო პროგრამა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე მერიამ 2009 წელს დაიწყო, ამ პერიოდიდან 2014 წლამდე ჩატარებული სამუშაოების შეჯამებამ კი აჩვენა, რომ პროგრამის ფარგლებში თბილისში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა.

'გაკეთდა საკმაოდ მოცულობითი მონოგრაფიული წიგნი, სადაც თბილისის უბნებისა და მათი ისტორიების შესახებ არის მოთხრობილი, თუმცა მასში განსაკუთრებული ყურადღება ძველ თბილისს და ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროგრამას ეთმობა. პროგრამის განხორციელება 2009 წელს დაიწყო. ყველაფერი შეჯამდა, საბოლოოდ კი ასეთ შედეგი მივიღეთ - ძველ თბილისში რეაბილიტაცია სხვადასხვა მოცულობის 34 უბანსა და მიკროუბანს ჩაუტარდა. დანგრევას 330-ზე მეტი შენობა გადაურჩა. ისტორიულ ზონაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 15 სკვერს და პარკს, აშენდა 2 მიწისქვეშა ავტოპარკინგი და საბაგირო რიყიდან ნარიყალამდე. ამ წიგნში  წარმოდგენილია ერთი მხრივ ის, თუ როგორი იყო ძველი თბილისი ამ პროგრამის დაწყებამდე და მეორე მხრივ - როგორია ის ახლა' - ამბობს დავით ნინიძე.

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას თქმით კი,  წიგნი მომავალი მერისთვის სახელმძღვანელო იქნება იმის შესახებ, თუ რა უნდა განავითაროს თბილისში.

'ალბომი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარედგინა, მოიცავს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქ არის არასრული ჩამონათვალი იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, რომელიც ბოლო წლებში ძველ თბილისში ჩატარდა. ამასთან, ეს წიგნი გზამკვლევი იქნება თბილისის მომავალი მერისთვის - რა უნდა განავითაროს და რაზე გაამახვილოს ყურადღება. ამიტომ, არა ამ წიგნს მხოლოდ თავისთავადი ღირებნულება აქვს, ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რა იყო და რა არის, არამედ კარგი სახელმღვანელოც იქნება. მე გამიხარდება და იმედი მაქვს, რომ მომავალი მერი, რომელსაც ხალხი აირჩევს, გააგრძელებს იმას, რაც კარგი იყო, რაც ცუდი იყო, იმას კი აღარ გაიმერებს' - განაცხადა გიგი უგულავამ.

ილუსტრირებული წიგნის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" პრეზენტაცია ლეღვთახევში გაიმართა. მას თბილისის მერიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კომენტარები