ღარიბაშვილი: დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მთავრობის მტკიცე ნებაა

Irakli Garibashvili official/Facebook.com

"ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მისი მტკიცე და ურყევი ნებაა." - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრემიერი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ წესრიგი ყველგან, რათა არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს და დაუყოვნებლივ აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია და სამართალდარღვევა, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს არჩევნების პროცესს. 

 

"ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ აბსოლუტურად თავისუფალი კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. საარჩევნო ადმინისტრაციამ და მისმა თანამშრომლებმა ყოველგვარი ჩარევის გარეშე უნდა განახორციელონ თავისი საქმიანობა. ხელისუფლება არ ჩარეულა და არც ჩაერევა მათ საქმიანობაში. დღეს თითოეულ ამომრჩეველს აქვს სამართლიან და მშვიდ გარემოში, საკუთარი სინდისის კარნახით თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, ყველას შეუძლია ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ დავიცავთ თითოეული ამომრჩევლის ხმას!"

პრემიერი პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებსაც მიმართავს, რომ არ დაუშვან ძალადობა და ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძლება იმიჯი შეულახოს საქართველოს. 


თვითმმართველობის ახალი კოდექსით ადგილობრივი ხელისუფლების არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის - ნათქვამია განცხადებაში. 

"ამ არჩევნების წარმატებით ჩატარებით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს დემოკრატიული განვითარების გზაზე" - წერს ღარიბაშვილი. 

კომენტარები