საბანკო სექტორი

ქადაგიძე საკრედიტო პროდუქტების მომხმარებლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა და საცალო დაკრედიტების სექტორში არსებული რისკები და გამოწვევები განიხილა.

ქადაგიძემ სამომხმარებლო დაკრედიტების სექტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სექტორი მნიშვნელოვნად იზრება და, შესაბამისად, ვალის მომსახურების ტვირთი მოსახლეობის ნაწილში საკმაოდ მაღალია.

ქადაგიძის განმარტებით, განვითარებადი ქვეყნებისთვის ეს საკმაოდ ნორმალური ტენდენციაა, თუმცა პრობლემა მაშინ დგება, როდესაც მომხმარებელი სესხის რესტრუქტურიზაციას აკეთებს და არსებულ დავალიანების ახალი კრედიტით ფარავს, რაც დაკავშირებულია საკრედიტო პორტფელის რისკების ზრდასთან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს მომხმარებელს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ძვირადღირებული საბანკო პროდუქტების გამოყენებისას, როგორიც არის საკრედიტო ბარათი და განვადება. 

პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი, ასმუს როტნე, ქადაგიძეს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ქართულ საცალო დაკრედიტების სექტორში სამომხმარებლო სესხები ჭარბად გაიცემა. 

მომხმარებლების პასუხისმგებლობასა და განათლების პროგრამაზე ისაუბრა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმაც. მისი თქმით, საქართველოს ბანკის ფინანსური აკადემია მომხმარებელს უსასყიდლოდ შესთავაზებს კურსებს, რომელიც მათ ბიუჯეტის მართვაში დაეხმარება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ გათვიცნობიერებული მომხმარებელი ბანკისთვის უფრო მაღალ შემოსავლებს ნიშნავს. 

გილაურმა კერძო მევახშეებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ორგანიზაციები პრობლემას უქმნიან ბანკების იმიჯს და მაღალ საკრედიტო რისკს წარმოადგენენ მომხმარებლისთვის. გილაური მოუწოდებს მოსახლეობას, როდესაც ბანკები მათ სესხს არ აძლევენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი სესხის მომსახურებას ვერ შეძლებენ და კერძო მევახშესთან არ უნდა წავიდნენ. 

დააწესებს თუ არა ეროვნული ბანკი დამატებით რეგულაციებს ე.წ. საკრედიტო მახეების თავიდან ასაცილებლად, ჯერ ცნობილი არ არის. 

კომენტარები