საქართველოს ყოფილმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძემ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ BBC-ისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას, "ტაბულას" ეთერში, გადაცემაში "თეორემა" განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი ინტერვიუები ემსახურება გარკვეულ მიზანს და ხდება იმის გათვლა, სწორი გზავნილები იქნას გაკეთებული. მისივე თქმით, პრემიერის მიერ აფხაზეთის და სამხეთ ოსეთის დეფაქტო სახელმწიფოებად მოხსენიება არის "სერიოზული გადაცდომა".
"ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი როდესაც აძლევს ინტერვიუს მნიშვნელოვან მედიასაშუალებას, ეს ყოველთვის ემსახურება გარკვეულ მიზანს. ყოველთვის პოლიტიკოსს აქვს გზავნილი, რომლის ინსტრუმენტი არის ინტერვიუ. მეც ბევრი კითხვა გამიჩნდა იმასთან დაკავშირებით, რა მიზანს ემსახურებდა ეს ინტერვიუ და საერთოდ ვისი ინიციატივა იყო. ჩემი აზრით, რაც ითქვა ამ ინტერვიუში, სჯობდა საერთოდ არ თქმულიყო. იდეალური გამოსავალი იქნებოდა, რომ ეს ინტერვიუ არ ყოფილიყო. თუ უნდა ყოფილიყო, მაშინ ამასაც თავისი წესი და ფორმა აქვს, დგება შეთანხმებული პოლიტიკური მესიჯების ნუსხა, მთავარი პოლიტიკური გზავნილი და სასაუბრო, რომელშიც არის ჩამოყალიბებული ეს ყველაფერი და პლუს კიდევ განსაზღვრულია, შეთანხმებულია ტერმინოლოგია. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის დეფაქტო სახელმწიფოს წოდება არის სერიოზული გადაცდომა, დამაზიანებელი.
გარდა ამისა, რა გზავნილს ემსახურებოდა ინტერვიუ, ჩემთვის დარჩა გაუკრვეველი. არც ისე ადვილია, ის სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ინტერესები, მათ შორის, რუსეთთან ურთიერობაში და რომლებსაც არანაირი ინტერესი და სურვილი არ აქვთ, მესამე სახელმწიფოს გამო გაირთულონ ურთიერთობები ქვეყანასთან, რომელთანაც შესაძლოა, ბიზნესურთიერთობები დაზიანდეს და ფაქტია, რომ მათ უმეტესობას სანქციები აქვს დაწესებული რუსეთზე, ამ დროს ჩვენ - ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა მიეღწია მათი მხარდაჭერისათვის რუსეთთან ურთიერთობაში, ვეუბნებით მათ, რომ ჩვენ ყველაფერი მოვაგვარეთ და არანაირი პრობლემა არ არის, ნუღარ შეწუხებდით", - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.





